მგფ: ახალციხეში საცურაო აუზის მშენებლობისთვის დონორთან მოლაპარაკება მიმდინარეობს

756

ახალციხეში სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის, სადაც დახურული საცურაო აუზები იქნება განთავსებული, ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა. მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, დაფინანსების მოსაპოვებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

საცურაო კომპლექსის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მომზადება ტენდერში გამარჯვებულმა შპს „კარკასმა“ 2019 წლის აგვისტოში დაიწყო. მას ეს სამუშაოები სავარაუდოდ მარტში უნდა დაესრულებინა, რის შემდეგაც ტენდერზე უკვე სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიდოს.

მუნიციპალური განვითარების ფონდში ადასტურებენ, რომ საცურაო კომპლექსის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მომზადება დასრულებულია, თუმცა მშენებლობისთვის დონორი მოძიებული არ არის: „ჩვენ გვყავს სხვადასხვა დონორი ორგანიზაცია. როცა რაღაც ტენდერს ვდებთ, დაფინანსება გვაქვს დონორისგან. ამ შემთხვევაშიც, ველოდებით დონორს, რომელიც სწავლობს ამ საკითხს და როცა დაგვთანხმდება, გამოავაცხადებთ სამშენებლო ტენდერს“.

რა თანხაა საჭირო პროექტის მშენებლობისთვის, მგფ-ში ვერ აკონკრეტებენ და ამბობენ, რომ რედაქციამ ამ საკითხზე ინფორმაცია წერილობით უნდა გამოითხოვოს.

საპროექტო დოკუმენტაცია შპს „კარკასმა“ 218 360 ლარად მოამზადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის შენობაში დახურული საცურაო აუზი (ცურვის სხვადასხვა დისტანციაზე,სინქრონული ცურვა, წყალბურთი) ტრიბუნები, საჭყუმპალაო, სავარჯიშო დარბაზები და ადმინისტრაცია უნდა განთავსდეს.

გარდა ამისა, კომპლექსმა უნდა მოიცვას პარკინგის ადგილი, მთავარი შესასვლელი რეგისტრატურით, ჰოლი, სადაც შეიძლება განთავსდეს სწრაფი კვების პუნქტი, კომერციული ობიექტები, სველი წერტილები, ექიმის კაბინეტი, დაცვის ოთახი.

ამავე შენობაში იგეგმება კრივის, ჭიდაობის, ძალოსნობისა და სატრენაჟორო სავარჯიშო დარბაზების მოწყობა.