ქუთაისში, ვაკისუბანში, რამდენიმე ქუჩაზე შიდა გზების კეთილმოწყობის სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხუნდაძის ქუჩის ზედა და ქვედა ნაწილის 1,5-კილომეტრიან მონაკვეთზე ბეტონის ფილები იგება, პროექტის ღირებულება 500 000 ლარს აჭარბებს და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
მათივე განმარტებით, აღნიშულ მონაკვეთზე არსებული გზის საფარი ტრანსპორტის გადაადგილებას ართულებდა, რის გამოც მაღალი იყო ავტომობილების დაზიანების საფრთხე და სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას ექნება მოდერნიზირებული და რეაბილიტირებული გზა, რაც გააუმჯობესებს მგზავრებისთვის შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაადგილებას.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ქუთაისში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო, მათ შორის ქალაქის შიდა გზებზე არსებული ვითარება დაათვალიერა.
მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ჰქონდეს გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა. მისივე თქმით, ქუთაისში აქტიურად მიმდინარეობს, როგორც შიდა გზების მოწესრიგება, ასევე წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი, სოციალური და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია.