ასპინძის ორ სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა

594

წინა სტატია

სამცხე–ჯავახეთში ასპინძის მუნიციპალიტეტის ორ სოფელს რუსთავსა და ხერთვისს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

გადაწყვეტილება 9 ივნისს პარლამენტმა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.

საქართველოში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 58 დასახლებას მიენიჭა. მათ შორის არის ასპინძის ორი სოფელი რუსთავი და ხერთვისი. აღნიშნულ დასახლებებში მყოფ დაახლობით 26 ათას ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა ისარგებლოს კანონმდებლობით დაწესებული შეღავათებით.

როგორც, ასპინძის მუნიცპალიტეტის მერიაში განგვიმარტეს მუნიციპალიტეტში 12 ადმინისტრაციული ერთეულია, აქედან მაღალმთიანი დასახლების სტატუსით სარგებლობდა 11 ადმინისტრაციული ერთეული.

„12 ადმინისტრაციული ერთეულიდან ერთს სოფელ რუსთავს არ ჰქონდა მაღალმთიანობის სტატუსი, ახლა უკვე ყველას გააჩნია ეს სტატუსი. ამ ეტაპზე მიენიჭა ერთ ადმინისტრაციულ ერთეულს სოფელ რუსთავს, რომელშიც მხოლოდ ეს ერთი სოფელი შედის და კიდევ სოფელ ხერთვის, რომელიც შედის სოფელ ტოლოშის ადმინისტრაციულ ერთეულში“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე.

საქართველოში ოთხი მუნიციპალიტეტია, რომელთა დასახლებების 80% და მეტი სარგებლობს მაღალმთიანი დასახლების სტატუსით. თიანეთის, დმანისის, ასპინძისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების 39 დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან 800 მეტრზე ზემოთ მდებარეობს, მიენიჭა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, მათ შორის – ერთ ადმინისტრაციულ ცენტრს, რომელიც 1000 მეტრზე ზემოთ მდებარეობს.

ამ დროისათვის, საქართველოში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს ქვეყნის 1,795 დასახლებას და მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით სარგებლობს 272 ათასზე მეტი მოქალაქე.