სოფელ მოლაოღლუს მოსახლეობას 20 წლის განმავლობაში პირველად შეუძლიათ სოფლის მოასფალტებულ გზებზე სიარული. სოფელში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისში დაიწყო და რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
მოლაოღლუს მოსახლეობა ამბობს, რომ გზების მოასფალტების შემდგომ ქუჩებში მტვერი აღარაა და უფრო იოლად და მშვიდად გადაადგილდებიან.
49 წლის გულსუმ ოსმანოვა იხსენებს, თუ რამდენად დიდ პრობლემას უქმნიდა სოფელს უგზოობა. ამბობს, რომ თუ სოფელში ვინმე ცუდად გახდებოდა საავადმყოფოში გზების მოუწესრიგებლობის გამო დროულად ვერ მიჰყავდათ.
„სოფელში ტაქსები არ შემოდიოდნენ. მარნეულიდან სადალხომდე 2 ლარად, სადახლოდან მოლაოღლუმდე კი 5 ლარად მოდიოდნენ ან საერთოდ არ მოდიოდნენ. ახლა ტაქსებმა იციან რომ გზები გაკეთდა და მოდიან,“ – ამბობს გულსუმ ოსმანოვა.
20 წლის თურალ ნასიბოვა იმედოვნებს, რომ მის სოფელში გზების რეაბილიტაციის შემდგომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემაც მოგვარდება. ამბობს, რომ სოფლის მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობითაა დაკავებული.
„ჩვენს სოფელშ ერთი მარშრუტკა მუშაობს და ისიც დილის 7 საათზე გადის და შუადღისას პირველ საათზე ბრუნდება. მოსახლეობას პროდუქტების გასაყიდად დრო არ ჰყოფნით. ვიმედოვნებ, რომ გზის პრობლემის მოგვარებასთან ერთად ეს პრობლემაც მოგვარდება,“ – გვითხრა თურალ ნასიბოვამ.
შეგახსენებთ, რომ სოფელ მოლაოღლუში გზების პრობლემებთან დაკავშირების ახალი აზროვნების ინსტიტუტმა მოკლემეტრაჟიანი ფილმიც გადაიღო.