მარნეულის ეგრედწოდებული „წინა ბაზარი“ შესაძლოა სამ დღეში გაიხსნას. სავაჭრო დაწესებულება მომხმარებლებს ახალ გარემოში მიიღებს. შიდა ტერიტორიაზე განახლდა დახლები, გადაიხურა ობიექტები და დამონტაჟდა ხელსაბანი ნიჟარები.
როგორც რადიო „მარნეულს“ ამავე ბაზრის დირექტორმა საბა ნავერიანმა უთხრა, სარემონტო სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია. მუშაობის განახლება კი სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეოის სამინისტროს დასტურზეა დამოკიდებული. უწყებებს ბაზარში უახლოეს დღეებში ელოდებიან.
„რეკომენდაციები და ყველაფერი შეძლებისდდაგვარად არის გამოსწორებული და მიახლოებული დღევანდელ მოთხოვნებთან. მოეწყო სველი წერტილები, ხელსაბანები დამონტაჟდა ბაზრის მთელ ტერიტორიაზე. ყველა მოვაჭრე არის გაფრთხილებული ახალ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, ყველა გაგებით მოეკიდა ამას. ინფორმაციულადაც ვაწვდით, რომ აუცილებელია დეზობარიერები, პირბადეები, ხელის სადენზინფექციო ხსნარი“
„წინა ბაზარში“ 550-მდე მოვაჭრემ დააკარგა ერთადერთი შემოსავლის წყარო. სახელმწიფოსგან ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება მათ უკვე მიიღეს. როგორც მოვაჭრეები ამბობენ, ეს თანხა ახლა სადენზინფექციო ხსნარებს უნდა მოახმარონ. ზოგმა კი ამ პერიოდში დაგროვილი ვალი უნდა გაისტუმროს.
„ამ პერიოდმა ძალიან დაგვაზარალა, ბანკის ვალები გვაქვს. საკუთარი ოჯახის რჩენაა საჭირო. თან, მე ქირით ვცხოვრობ და ქირის ფულის გადახდა მიწევს. ახლა ყველაფერი გაძვირდა. ის, რასაც მე ვყიდი ხუთ ლარად, მეუბნებიან ორ ლარად გაყიდე, რადგან ხალხს საშუალება არ აქვს, ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, რომ სახელმწიფო დაეხმაროს გაჭირვებულ ხალხს. ვისაც ოჯახი არ ჰყავს, და შემოსავალი არ აქვთ,“ -ამბობს მარნეულის ბაზრის მოვაჭრე ნაზილა კარაევა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის წინა ბაზარში, სადაც ძირითადად ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთები იყიდება, რამდენიმე კვირაა, რაც სამუშაოები მიმდინარეობს.
მოვაჭრეთა ნაწილმა დახლების გადაკეთება საკუთარი სახსრებით უზრუნველყო. სამუშაოები ნაწილი კი ბაზრის ადმინისტრაციამ განახორციელა.