ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტადან, ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 35 საკვლევი მასალიდან, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.
როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, სოფელ გეტაში, სადაც ამ დრომდე საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს, კორონავირუსის ბოლო დადასტურებული შემთხვევა 16 მაისს დაფიქსირდა, ორი საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე დღეში მთავრდება. სოფლის გახსნისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყეს. ეპიდემიოლოგებმა PCR ტესტირების მეთოდით, სამიზნე ჯგუფებიდან 35 ბიოლოგიური ნიმუში გუშინ აიღეს, ასევე ჩატარდა თერმოსკრინინგის მორიგი ეტაპი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელ გეტას გარდა, კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩაკეტილია სოფელი მუშევანიც. დღეისათვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 186 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 114 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.