საგარეუბნო მატარებლის მიმოსვლის აღდგენისთვის ხარაგაულის მოსახლეობამ პარლამენტარს მიმართა

1253

ს/ს „საქართველოს რკინიგზადან“ მოპოვებული ინფორმაციით, საგარეუბნო მატარებლების მიმოსვლა 15 ივნისიდან ვერ აღდგება. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებენ საგარეუბნო მატარებლები მგზავრების გადაყვანას. „საქართველოს რკინიგზაში“ მატარებლების მუშაობის განახლებაში ხელისშემშლელ მიზეზებს არ განმარტავენ. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებელი გადაადგილებისთვის ერთადერთი ხელსაყრელი ტრანსპორტია ხარაგაულში, ჩხერიმელას ხეობის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის. მოქალაქეებმა მატარებლის აღდგენის მოთხოვნით ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატ კობა ლურსმანაშვილს წერილობით მიმართეს.

„ამ დღეებში ტელეფონით დავუკავშირდები საქართველოს რკინიგზას პასუხისმგებელ პირებს და მოსახლეობის მოთხოვნას გავაცნობ, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – მომავალ კვირაში კი პირადად შევხდები გენერალურ დირექტორს და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს.

ჩემი აზრით, შესაძლოა, საგარეუბნო მატარებლის ვაგონებში ჰიგიენის წესების დაცვა უჭირთ და ამიტომ მგზავრთა გადაყვანისგან თავს იკავებენ. კეთილი ინებონ – ან ვაგონები მოაწესრიგონ, ან გამოცვალონ. მოსახლეობის ინტერესებს დავიცავ და მოვითხოვ, რომ ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის მატარებლის მიმოსვლა უახლოეს მომავალში აღდგეს.“

კორონავირუსის პანდემიის გამო სამგზავრო მატარებლების მიმოსვლა, მესამე თვეა, შეზღუდულია. 15 ივნისიდან საქალაქთაშორისო მატარებლების მოძრაობა აღდგება.