მოშლილი ინფრასტრუქტურა გონიო პლაჟზე – დაპირება, რომელიც წლებია არ სრულდება

634

დაპირებები წლების განმავლობაში და შეუცვლელი რეალობა გონიოს სანაპიროზე. პანდემიის ფონზე შექმნილი მძიმე მდგომარეობის დასაძლევად ხელისუფლება იმედებს შიდა ტურიზმზე ამყარებს, თუმცა, ზღვისპირა ზოლში ინფრასტრუქტურა იმდენად მოუწესრიგებელია, რომ რეგიონში ჩამოსული ტურისტი სურათმა შესაძლოა გააქციოს. ამის შესახებ სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

როგორც სიუჟეტშია ნათქვამი,  იმის გამო, რომ მთავრობას ტურისტულ ქალაქი არ ახსოვს, პლაჟზე სველი წერტილები იქ მცხოვრებლებმა ფიცრულებით მოაწყვეს. ტერიტორია სავსეა ბალახით, არ არის ნაგვის ურნები, სკამები, ბილიკებზე კი ძროხები სეირნობენ.

ხელმძღვანელი პირების ბოლო დაპირებიდან 4 თვეზე მეტი გავიდა, თუმცა, გონიოში ვითარება მაინც უცვლელია. მაშინ, როცა პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკის აღდგენისათვის ერთ-ერთი საშუალება ტურიზმია, ზაფხულის სეზონს გონიოს ტურისტული ზონა წელსაც მოუწესრიგებელი ინსფრასტრუქტურით ხვდება. სასეირნო ბილიკზე სკამები ისევ არ დამონტაჟებულა, არ დგას ნაგვის ურნები და არ არის მოწყობილი ზღვაზე გადასასვლელი ბილიკები.

გამომდინარე იქედან, რომ ტერიტორიაზე ვერც საპირფარეშოებს იპოვით, ადგილობრივები იძულებულნი გახდნენ, სველი წერტილები თავადვე აეშენებინათ. კანალიზაციაც აქვე კუსტარულად, მინი შამბოების ფორმით აქვთ მოწყობილი. სასეირნო ბილიკზე, რომელიც მხოლოდ ქვეითებისთისაა გათვალისწინებული, არც ავტომანქანების მოძრაობა კონტროლდება.

პლაჟზე ამოსულ ბალახს საყოფაცხოვრებო ნარჩენებიც ემატება. დანაგვიანებული გარემო დისკომფორტულია ტურისტებისთვის. მიმდებარე ტერიტორიაზე მრავლადაა საქონელი.

ბათუმის მერიაში განმარტეს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ტენდერის შეწყვეტა მოუწიათ. სულხან ევგენიძის განმარტებით, მიმდინარეობს თანხების მობილიზება და შესაძლოა შეწყვეტილი ტენდერი თავიდან გამოცხადდეს.

როდის გაჩნდება საპლაჟო და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად თანხები მერიაში, ან მოესწრება თუ არა ფულის მობილიზების შემთხვევაში ტენდერის გამოცხადება და სამუშაოების დასრულება მიმდინარე სეზონზე, უწყებაში პასუხის გაცემა უჭირთ.