ბათუმს UNESCO-ს მუსიკის ქალაქის წოდება მიენიჭა

799

ბათუმს UNESCO-ს მუსიკის ქალაქის წოდება მიენიჭა –  ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბათუმის მუსიკის სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ UNESCO-ს  უნიკალურ პროექტებსა და ღონისძიებებში.

“აღნიშნული ტიტულის მინიჭება ბათუმის მერიის მიერ UNESCO-ში წარდგენილი განაცხადის საფუძველზე განხორციელდა, რაც გულისხმობს ქალაქის მზაობას, გაიზიაროს საუკეთესო გამოცდილება და გააძლიეროს თანამშრომლობა, რომელიც ხელს შეუწყობს შემოქმედებას და კულტურული ინდუსტრიების გაძლიერებას, ასევე გაზრდის მონაწილეობას კულტურულ ცხოვრებაში.

ამასთან, ქალაქის მუსიკის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ იმ უნიკალურ პროექტებსა თუ ღონისძიებებში, რომლებიც მხოლოდ UNESCO-ს მუსიკის ქალაქის წარმომადგენლებისთვის არის ღია.

ბათუმთან ერთად, UNESCO-ს მუსიკის ქალაქებია: ლივერპული, გლაზგო, კინგსტონი, ოკლენდი და სხვა. UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს მსოფლიოს კიდევ 48 ქალაქი, მათ შორის, თბილისი შეუერთდა. შემოქმედებითი ქალაქების ქსელი 2004 წლიდან არსებობს და ამჟამად, აერთიანებს მსოფლიოს 90 ქვეყნის 295 ქალაქს, რომლებიც მედიახელოვნების, მუსიკის, კინემატოგრაფიის, გასტრონომიის, დიზაინის, ფოლკლორისა და ხელნაკეთი ნივთების მიმართულებით, პროექტებს ახორციელებენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.