აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე პეტრას ციხის ახალ აღმოჩენებს გაეცნო. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად არქეოლოგიური გათხრების ადგილზე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინიტრი ინგა შამილიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი ფატი ხალვაში და სხვა ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.
სოფელ ციხისძირის ისტორიული ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე უძველესი საყოფაცხოვრებო ნივთები, საბრძოლო და შრომის იარაღები სულ რამდენიმე დღის წინ მორიგი არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოაჩინეს.
აღმოჩენილია რკინის საბრძოლო ცულები, სატევრები, შუბისპირები, ისრისპირები, მუზარადი, ჯაჭვის პერანგისა და ფარის ნაშთები, მრავალრიცხოვანი კერამიკული ნაწარმი და განძი (95 ვერცხლის მონეტა). აქვე აღმოჩნდა ადამიანის დამწვარი ძვლების ფრაგმენტები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მებრძოლები ციხის დაცვას შეეწირნენ. კოშკის დაწვისა და დანგრევის შემდეგ, მისი აღდგენა არავის უცდია. ამის გამო უცვლელად იქნა შემონახული პეტრას ციხეზე VI საუკუნეში წარმოებული ბრძოლის შედეგები.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით პეტრას ციხეზე არქეოლოგიური გათხრები 2 წელია მიმდინარეობს. მიმდინარე წელს არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად სოფელ ციხისძირში მდებარე ისტორიულ ციხე-ქალაქში სხვა უნიკალური მასალებიც იქნა აღმოჩენილი. როგორც არქეოლოგები ვარაუდობენ, კოშკი, რომლის არქეოლოგიური შესწავლა მოხდა, დაიწვა და დაინგრა ეგრისის სამეფოს ტერიტორიაზე წარმოებული ბრძოლის დროს, როცა ბიზანტია და ირანი ეგრისისათვის ერთმანეთს ეცილებოდნენ.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა ასლანიშვილმა მთავრობის თავმჯდომარეს პეტრას ციხე-ქალაქის ტერიტორიის განვითარების გეგმა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც ციხის მიმდებარედ ვიზიტორთა ცენტრი და სხვა ტურისტული სივრცეები აშენდება. 2 მილიონიანი პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება. მიმდინარე წელს აღნიშნული სამუშაოებისთვის 400 ათასი ლარია გამოყოფილი.