დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. მძღოლებსა და მგზავრებს ახალი რეგულაციების გათვალისწინება უწევთ. სავალდებულოა პირბადის ტარება. მგზავრებს მარშუტში ასვლამდე უზომავენ ტემპერატურას. ქუთაისში მძღოლები ამბობენ, რომ მგზავრთა რაოდენობა მცირეა. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
სადგურ “ოკრიბას” ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სავალდებულოა დამცავი ფარის, ხელთათმანისა და პირბადეს გამოყენება. ასევე, დეზინფექციას უტარებენ მიღებულ თანხას.
“როცა მგზავრი მოდის, რათა მიღებული და გაცემული თანხიდან რაიმეს გადადება არ მოხდეს, ვაკეთებთ დეზინფექციას. ტემპერატურა ესინჯებათ მძღოლებსაც და მგზავრებსაც. ასვლის დროს მგზავრები დისტანციას იცავენ, თუმცა,ტრანსპორტში მათი რაოდენობა შეზღუდული არ არის,”-ამბობს ნონა ტოგონიძე, ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
გაზრდილია მგზავრობის ღირებულებაც. ქუთაისისდან თბილისის მიმართულებით გადაადგილება 12 ლარის ნაცვლად, 15 ლარი ღირს. მგზავრობის ღირებულება არ გაზრდილა სხვა მიმართულებებზე. ბილეთის ფასი იგივე რჩება ზესტაფონის, ბათუმისა და სხვა მიმართულებებით.
“ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა 3 ლარით გაიზარდა. ახლა 15 ლარი ღირს. გადასახადი იგივე დარჩა ზესტაფონის, ბათუმის, ონის მიმართულებებით. სამუშაო პერიოდი გვიჩვენებს, გაიზრდება თუ არა გადასახადი სხვა მიმართულებებით.
“ჯერ-ჯერობით მგზავრობა არ გაძვირებულა. თუ მოიმატებს ფასი, ალბათ, გვეტყვიან. პირბადე აქვთ თუ არა მოქალაქეებს ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ. დღეს მხოლოდ 5 მგზავრი მყავდა და არ გამჭირვებია,”- ამბობს დავით რობაქიძე, ზესტაფონი-ქუთაისის მარშუტის მძღოლი.
“მთავარი რაც დაგვიწესდა, არის პირბადე, ტემპერატურის გაზომვა. მგზავრების რაოდენობაზე შეზღუდვა არ გვაქვს. ფასმა მოიმატა, მაგრამ არ ვიცი მატება რამ გამოიწვია. ვაკონტროლებ მგზავრებს პირბადე ჰქონდეთ. თუ მგზავრს 36-ზე მეტი ექნა ტემპერატურა, მაქვს უფლება გავაჩერო და მოგვიანებით კვლავ გავუზომო. მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მაქვს უფლება ტრანსპორტში არ ავუშვა,”- ამბობს ქუთაისი-თბილისის მარშუტის მძღოლი დავით გოჩაძე.
“მგზავრების რაოდენობაზე შეზღუდვა არ არის, მაგრამ ნაკადმა ძალიან იკლო. მარშუტში ახლა 5 ადამიანი მიზის. ჩვენთან პანდემიამდეც და შემდეგაც იგივე ფასი დარჩა. ჯერ-ჯერობით ღირებულება კვლავ 10 ლარია,”-ამბობს ქუთაისი-ბათუმის მარშუტის მძროლი ავთანდილ გაჩეჩილაძე.
მგზავრები ამბობენ, რომ რეგულაციებს იცავენ. მათივე თქმით, გაზრდილი ფასები მისაღები არ არის, თუმცა, გადახდა მაინც მოუწევთ.