საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, ინტენსიური სამუშაოების შედეგად ვადაზე ადრე დასრულდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზა მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, ამ გზით ხორციელდება ქვეყანაში შემოსული ძირითადი სატრანზიტო გადაზიდვები, შესაბამისად ამ მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
„სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, გზის საფარი დაზინებული იყო და სასწრაფოდ საჭიროებდა სრულ რეაბილიტაციას. არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, რეაბილიტაციის პროექტით, განხორციელდა მიწის სამუშაოები, გზის სავალი ნაწილის ფრეზირება და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობა, გზის სავალი ნაწილის მონიშვნა, საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის სავალი ნაწილის შემოფარგვლის სამუშაოები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 5 197 808 ლარი შეადგინა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.