სარკინიგზო ტრანსპორტისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით გამოქვეყნებული რეკომენდაციების შემუშავების პროცესში „საქართველოს რკინიგზა“ ჩართული იყო. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვაცხადებდით, რომ მზად ვართ მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისთვის, რაც ჩვენი მხრიდან ყველა რეგულაციის შესრულებას გულისხმობდა, – ამის შესახებ იმედინიუსს „საქართველოს რკინიგზის“ სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა კაჭარავამ განუცხადა.
მისი თქმით, კარანტინის პერიოდში კომპანია სრულად ითვალისწინებდა და იცავდა COVID19-თან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას.
„ახლა კი ვემზადებით სეზონისთვის. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან ერთად, შემუშავებული გვაქვს მგზავრობის სპეციალური ინსტრუქცია, კერძოდ, ვაგონის შესასვლელებში გამცილებლები მგზავრებს ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში კი არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. „საქართველოს რკინიგზა“ მზად არის მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისთვის“, – განაცხადა ნიკა კაჭარავამ.
არსებული ინფორმაციით, სარკინიგზო მიმოსვლა, სავარაუდოდ 15 ივნისიდან აღდგება და არ გაიზრდება მგზავრობის საფასური.
6 ივნისს ჯანდაცვის სამინისტრომ სარკინიგზო ტრანსპორტისთვის, კორონავირუსის პრევენციისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა.
8 ივნისიდან აღდგება საქალაქთაშორისო მოძრაობა.