საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის განვითარების მიზნით ევროკავშირთან TWINNING-ის პროექტი განხორციელდება

528

ევროკავშირის დახმარების ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის განხორციელება დაიწყო.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის – „სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს დაახლოების მხარდაჭერა“, ძირითადი მიზანია, საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის ევროკავშირის შესაბამის სტანდარტებთან და რეგულაციებთან დაახლოებისა და ამ მიმართულებით მარეგულირებელი გარემოს გაძლიერების ხელშეწყობა. ასევე, პროექტის სპეციფიკური ამოცანა საქართველოს სარკინიგზო კანონმდებლობის გაუმჯობესება და ეროვნული ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაა. მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან დაახლოების გზით, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

პროექტის ფარგლებში ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების მიზნით შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტები მომზადდება, სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის განვითარების პოლიტიკის დოკუმენტი შემუშავდება, დარგის ახალი ორგანიზაციული, საოპერაციო და ფუნქციონალური სტრუქტურის განსაზღვრის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაცია მომზადდება და სხვადასხვა აქტივობა განხორციელდება, ადამიანური რესურსის გაძლიერების კუთხით.

ევროკავშირის მხრიდან პროექტის ძირითადი განმახორციელებელი ორგანიზაციაა პოლონეთის ინფრასტრუქტურის სამინისტრო, პოლონეთის სხვა საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან ერთად. პროექტის მთავარ ბენეფიციარი კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. ამასთან, ქართული მხრიდან პროექტის განხორციელებაში ჩართული იქნება სს „საქართველოს რკინიგზა“.

პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 1,250,000 ევროს, რომელიც სრულად ფინანსდება ევროკავშირის მიერ. პროექტის განხორციელების ხანგრძლივობაა 24 თვე.