საქართველოს რკინიგზა მუშაობას ორ დღეში განაახლებს

378

საქართველოს რკინიგზა ორ დღეში მუშაობას განაახლებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„დღეიდან გაიხსნა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. საქართველოს რკინიგზაც ორ დღეში პრაქტიკულად განაახლებს მუშაობას. გარკვეული ორდღიანი მომზადება დასჭირდა, განაახლებს უკვე თავის მარშრუტებს და გამოაცხადებს განრიგს. მთავარია, ეს დადებითი მუხტი და ტალღა შენარჩუნდეს, არ გაგვიუარესდეს ეპიდვითარება. ამიტომ ისევ და ისევ ბიზნესისგან მოვითხოვთ და ველით პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე 27 თებერვლიდან იმოძრავებენ.

კომპანია მოძრაობას თბილისი-ბათუმი-თბილისი; თბილისი-ზუგდიდი-თბილისი; თბილისი-ოზურგეთი-თბილისი; თბილისი-ფოთი-თბილისი და თბილისი-ქუთაისი-თბილისის მიმართულებებით აღადგენს. ბილეთების გაყიდვა ინტერნეტით დღეიდან დაიწყება, ხოლო რკინიგზის სალაროები ხვალიდან გაიხსნება.

რაც შეეხება კოვიდ-19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.

პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.

რა შეზღუდვები იხსნება, შეგიძლიათ ნახოთ აქ: