12 ტურის და 5 მგლის ლიკვიდაციისთვის ზუგდიდის მერიამ თანხა გამოყო

1119

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით შეისყიდა 2 ფიზიკური პირისგან და ერთი არაკომერციული, არასამეწარმეო იურიდიული პირისგან (ააიპ) ნადირობასთან დაკავშირებული მომსახურება. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულ პირებს, რომლებთანაც მერიამ ხელშეკრულება უკვე დადო, ევალებათ „მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, აგრეთვე, სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით“, მგლისა და ტურის ლიკვიდაცია. ჯამში 1 9 25 ლარს დახარჯავს მერია 12 ტურის და 5 მგლის ბუნებიდან ამოღებაში.

„ტერიტორიაზე გასვლა უნდა განხორციელდეს კვირაში არანაკლებ 2-ჯერ. გარეული ცხოველების ინდივიდების რაოდენობის რეგულირების ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ისეთი ხერხებით, მათ შორის ჩასაფრების წესით, რომლებიც გამორიცხავენ სხვა სახეობის გარეული ცხოველებისათვის ზიანის მიყენებას და უზრუნველყოფენ გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნებას. მიმწოდებელი ვალდებულია გარეული ცხოველის გარემოდან ამოღების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შემსყიდველს. დაუშვებელია რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველის ან მისი ნაწილის გაყიდვა, ან რაიმე ფორმით გასხვისება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველი შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე გადაეცემა სამეცნიერო დაწესებულებას, ზოოპარკს ან ცხოველთა თავშესაფარს. ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველი ნადგურდება შემსყიდველთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით“, – ნათქვამია ხელშეკრულებაში.

გამარტივებული ტენდერით გამოვლენილ ფიზიკურ პირს, ზვიად ლაშხიას ევალება 2 ტურის და ერთი მგლის ლიკვიდაცია. ამ მომსახურებას ის 365 ლარად გასწევს. ფიზიკური პირი გურამ თირქია კი 780 ლარად. მას ევალება 2 მგლის და 5 ტურის ბუნებიდან ამოღება. ანალოგიური მომსახურებისთვის იგივე ღირებულებისაა ააიპ მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ „მონადირესთან“ დადებული ხელშეკრულებაც.