ქედაში, მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში, მოსახლეობა პროექტებს წელს შეარჩევს, მერია კი მათ იანვრიდან განახორციელებს

864

გუშინ ქედის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს – მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვიდეო ფორუმით შეუერთდნენ.

“დღის წესრიგით 3 საკითხი იყო ჩანიშნული:პირველ საკითხად საბჭოს წევრებმა განიხილეს ,,მონაწილეობითი ბიუჯეტის” განხორციელების მეთოდები, ვინაიდან პროგრამა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალი კორონავირუსის – „COVID-19“-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით დროებით, 1 ივნისამდე იყო შეჩერებული. საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს გაგრძელდება: რეკომენდაციების დაცვით საინფორმაციო კამპანია, მოქალაქეები შეძლებენ იდეების წარმოდგენას, მოხდება იდეების გადარჩევა და შემდეგ, მოქალაქეების მხრიდან, გამარჯვებული იდეის გამოვლენა ფარული კენჭისყრით. ხოლო, გამარჯვებული პროექტის განხორციელება კი, 2021 წლის იანვრიდან გახდება შესაძლებელი”, – განმარტავენ მერიაში.

რაც შეეხება მეორე და მესამე საკითხებს, მათივე ცნობით, საბჭომ იმსჯელა აქტივობების გამართვის პროცედურებზე და დაგეგმილი კალენდარის გადაწყობაზე, რომელიც მომდევნო საბჭოს სხდომაზე დამტკიცდება.

სხდომას მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ჯემალ ტაკიძე უძღვებოდა, რომელმაც მადლობა გადაუხადა პროექტის მხარდამჭერ ორგანიზაციას – გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება – GIZ და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში მუნიციპალური ბიუჯეტიდან ჯამში გამოყოფილია 300 000 ლარი, საიდანაც 150 ათასი ლარი – დაბა ქედასთვის,  150 ათასი ლარი კი – დოლოგნის ადმინისტრაციული ერთეულისთვის არის გათვალისწინებული.