დისტანციური მუშაობის დროს აჭარის მუზეუმის დირექტორმა 200 ლიტრი საწვავი მოიხმარა

539

დისტანციური მუშაობის დროს აჭარის მუზეუმის დირექტორმა 200 ლიტრი საწვავი მოიხმარა. რისთვის გამოიყენა სულხან ოქროპირიძემ საწვავი მაშინ, როცა იგი სამსახურში პანდემიის გამო არ დადიოდა და მასზე დაკისრებულ მოვალეობას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ასრულებდა? ამის შესახებ სიუჯეთი ტვ25-მა მოამზადა.

რეპორტაჟში ნათქვამია, რომ სულხან ოქროპირიძემ სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებს არ უპასუხა.

“აჭარის მუზეუმში დასაქმებულები პირად საუბრებში კი ჰყვებიან, რომ თანამშრომლები და ხელმძღვანელი ბოლო სამი თვის განმავლობაში დისტანციური მუშაობის რეჟიმში არიან. სულხან ოქროპირიძემ კი მაისში, მაშინ როცა სამსახურში არ დადიოდა 200 ლიტრი საწვავი მოიხმარა.

დისტანციურმა მუშაობამ, როგორც ჩანს, განსაკუთრებით აჭარის მუზეუმის დირექტორი დაღალა. სამთვიანი სახლში ყოფნის პერიოდი სულხან ოქროპირიძემ 1 ივნისიდან 20 დღიანი შვებულებით გაიხანგრძლივა. ის ჩვენს სატელეფონო ზარებსა და შეტყობინენებს არ პასუხობს, თუმცა მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ჩვენ აღნიშნულ თემაზე რეპორტაჟს ვამზადებდით სამსახურში მოადგილეებთან ერთად გამოცხადდა და თათბირი ჩანიშნა.

სულხან ოქროპირიძის კიდევ ერთმა მოადგილემ, რომელიც ფინანსურ საკითხებს კურირებს, არ იცის რაში მოიხმარა ხელმძღვანელმა პანდემიის დროს 200 ლიტრი საწვავი. ჯუნა ხოზრევანიძის თქმით, სულხან ოქროპირიძე თავად წყვეტს საწვავის მოხმარების მიზნობრიობას.

აჭარის მუზეუმის პრესსამსახურმა არ მოგვაწოდა შესაბამისი დოკუმენტი რითაც გაირკვეოდა სად გადააადგილდებოდა პანდემიის დროს ხელმძღვანელი. თინათინ ფუტკარაძემ გვითხრა, რომ საბუთებზე ხელი არ მიუწვდება. თუ კი სულხან ოქროპირიძე სამსახურეობრივი მიზნების გამო, არ მოიხმარდა საწვავს გამოდის, რომ მან სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით, 400 ლარამდე აზარალა,”- ნათქვამია სიუჟეტში.