ახალციხეში მოქალაქეებმა საგანგებო მდგომარეობის დროს დაკისრებული ჯარიმები გაასაჩივრეს

890

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამოწერილი ჯარიმების გასაჩივრებისთვის ახალციხის რაიონულ სასამართლოს არაერთმა მოქალაქემ მიმართა. ადვოკატები, რომლებსაც „სამხრეთის კარიბჭე“ დაუკავშირდა, ამბობენ რომ მოქალაქეების ნაწილი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია, რომლებმაც რეჟიმი ინფორმაციის არ ქონის გამო დაარღვიეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გასაჩივრებისთვის ექვსმა მოქალაქემ და ერთმა იუდიულმა პირმა მიმართა. მოქალაქეების უმეტესობა სოფელ წყალთბილაში მცხოვრები სომხურენოვანი მოსახლეობაა. ადვოკატის თქმით, მათთვის გამოწერილი ჯარიმები უსამართლოა, რადგან ინფორმაცია, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში დაწესებული შეზღუდვების შესახებ მათთვის არავის მიუწოდებია.

„პურის რიგში იდგნენ ადამიანები, როცა კოკისპირული წვიმა მოვიდა. იქვე საცხობთან შეაფარეს თავი, ამ დროს მივიდა პოლიცია და გამოუწერა ჯარიმა. სანამ ჩემთან არ მოვიდნენ ეს ადამიანები და არ ავუხსენი, ვერ მიხვდნენ რისთვის იყვნენ დაჯარიმებული“ – ამბობს ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი.

არაერთი მოქალაქე მივიდა კონსულტაციისთვის ეკა აბაშიძესათანაც. იურისტი სასამართლოში ორი პირის ინტერესებს იცავს.

„ქალაქ ვალეში, მწყემსები დაკარგულ პირუტყვს ეძებდნენ ღამით და კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმეს. სულ ორი საქმე მაქვს აღებული, აქედან ერთი იურიდიული პირის. სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა“ – ამბობს ეკა.

საგანგებო რეჟიმის დარღვევის გასაჩივრების ხუთი საქმე აქვს აღებული სოსო ხითარიშვილს, აქედან ერთი ავტომანქანით გადაადგილების შეზღუდვის დარღვევის ფაქტზე.

„მომმართა ერთ–ერთმა ფერმერმა სოფელ კლდიდან, რომელსაც ჰქონდა საშვი ავტომობილით გადაადგილების, პირუტყვისთვის საკვების და მედიკამენტების შესაძენად. ამ პირმა ბანკომატით ისარგებლა კოსტავას ქუჩაზე, შემდეგ უნდა წასულიყო სოფელ კლდეში თამარაშვილის ქუჩიდან. ჯარიმა გამოუწერეს იმის გამო, რომ კოსტავას ქუჩაზე თითქოს არამიზნობრივად იმყოფებოდა“ – გვიყვება ადვოკატი.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამოწერილი ჯარიმებთან დაკავშირებით ჩანიშნული არცერთი საქმე ჯერ განხილული არაა, მათი უმეტესობა გადაიდო.

21 მარტიდან 22 მაისამდე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფიზიკური პირები, შეზღუდვების დარღვევისთვის 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდნენ, შსს–ს მონაცემებით მთელი საქართველოს მასშტაბით 8 ათასამდე მოქალაქე დაჯარიმდა.