ქუთაისის ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებული ტენდერი შეწყდა. ქუთაისის მერია შეწყვეტის მიზეზად პროექტის განხილვაში მოსახლეობის ჩართულობის საჭიროებას ასახელებს. როგორც მერიამ “ნიუპრესს” განუცხადა, პროექტის საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებული იქნება საზოგადოების მოსაზრებები და შენიშვნები.
“ასსაფეხურიანი კიბე” ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. იგი ქუთაისის ისტორიის ნაწილიცაა უკვე. სწორედ ამიტომ, ქალაქის მერიამ საჭიროდ მიიჩნია, “ასსაფეხურიანი კიბის” რეაბილიტაციის პროცესში მაქსიმალურად იყოს ჩართული მოსახლეობა. ამ მიზნით, რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვები მოეწყობა და საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებული იქნება საზოგადოების მოსაზრებები და შენიშვნები “, – აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
შეგახსენებთ, მერიის ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის პროექტი, მას შემდეგ შეწყდა, რაც გამარჯვების პრედენდენტი უკვე გამოკვეთილი იყო. რაც შეეხება პროექტს, მერიამ მის შესაძენად 30 ათასი ლარი ტენდერით გამარჯვებულ კომპანიას გადაუხადა.
მერიამ ტენდერი ასსაფეხურიანი კიბის სამუშაოებისათვის 3 აპრილს გამოაცხადა. როგორც დოკუმენტებიდან ირკვეოდა, გამარჯვების რეალური პრედენდენტი ბესიკ ივანაშვილი იყო, მას სამუშაოების შესრულებისათვის უფრო დაბალი თანხა 595 041 ლარი ქონდა დაფიქსირებული. თუმცა, ინფორმაციის მედიით გაჟღერების შემდეგ ტენდერს საჩხერელი მეწარმე გამოეთიშა. შედეგად ტენდერში გამარჯვების პრეტენდენტი შპს “ლამოდერნა” გახდა. კომპანიამ სამუშაოების შესრულებისათვის შედარებით მაღალი ფასი, 614 ათასი ლარი დააფიქსირა.