ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისათვის კომპანიის შერჩევა არ დასრულებულა

1258
ბალახვანის ას საფეხურიანი კიბის ესკიზი

წინა სტატია

ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისათვის კომპანიის შერჩევა ჯერ ისევ არ დასრულებულა. ინდმეწარმე ბესიკ ივანაშვილს, რომელმაც ტენდერში რეაბილიტაციისათვის 595 041 ლარი მიუთითა, დისკვალიფიკაცია მიენიჭა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე აღნიშნულია, რომ დისკვალიფიკაცია მას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მიენიჭა. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს. 

ინდმეწარმე ბესიკ ივანაშვილთან ერთად ტენდერში შ.პ.ს.ლამოდერნა მონაწილეობდა. მან სამუშაოების შესასრულებლად 614 ათასი ლარი დააფიქსირა.

გამოცემა ნიუპრესი წერს, ქუთაისის ასსაფეხურიანი კიბის ტენდერს ბიძინა ივანიშვილის მეზობელი და მოგვარე ბესიკ ივანაშვილი მას შემდეგ გამოეთიშა, რაც საკითხი მედიის მიერ გახმაურდა.

გამოცემის ცნობით, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ საკითხს ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი გიგა შუშანია გამოეხმაურა.

საკითხთან დაკავშირებით გიგა შუშანიამ ბრიფინგი გამართა, სადაც მერიას ტენდერის შეწყვეტისაკენ მოუწოდა.

“მე ხელთ მაქვს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი, სადაც მიუთითებენ, რომ ამ ადამიანს დოკუმენტაცია არასწორად აქვს შევსებული, ასევე ვერ ასაბუთებს, რომ აქვს მსხვილი სამუშაოების გამოცდილება, მიუხედავად ამისა, მას არ გაუწყვიტეს ტენდერი და მისცეს ვადა, რომ როგორმე მოაკვარახჭინოს ყველაფერი. ჩვენ მოვითხოვთ ქუთაისის მერიისგან, სასწრაფოდ შეწყვიტოს ეს ტენდერი”, – განაცხადა გიგა შუშანიამ.

ქუთაისის მერია საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

ბესიკ ივანაშვილის განცხადებით, მისი გამოცდილება შესყიდვების სააგენტომ არასაკმარისად მიიჩნია.

“შესყიდვების სააგენტომ ჩემი გამოცდილება ამ ტენდერისათვის არასაკმარისად ცნო და თავისთავად მე გამოვეთიშე ამ პროცესს. ბეტონის სამუშაოები შესყიდვების სააგენტომ საკმარის გამოცდილებად არ ჩათვალა,” – განუცხადა ბრესიკ ივანაშვილმა ჟურნალისტებს.

რაც შეეხება მერიის მიერ მიცემულ რეკომენდაციას, ხარვეზების გასწორებასთან დაკავშირებით,  აცხადებს, რომ ხარვეზების გასწორებაზე არ უზრუნია, რადგან  სრულად მოთხოვნებს მაინც ვერ აკმაყოფილებს.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან კავშირს, ბესიკ ივანაშვილი აცხადებს, რომ მასთან მხოლოდ მეზობლობა და გვარი აკავშირებს.

შეგახსენებთ, ასსაფეხურიანი კიბის ტენდერში განაცხადი ბესიკ ივანაშვილმა გააკეთა, რომელიც გამარჯვების რეალურ კანდიდატს წარმოადგინა.

ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისათვის მერიამ ამჯერად 736 ათას 306 ლარი გამოყო.