ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რუსთაველის და ჭავჭავაძის ქუჩებზე მიმდინარე სკვერების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ჭავჭავაძის ქუჩის #52 -ის მიმდებარედ არსებულ სკვერში ახალი ქვაფენილი დაიგო, მოეწყო გაზონები, განათება, დაირგო დეკორატიული მცენარეები, დაიდგმება საპარკე სკამები და გაკეთდება ღობე.
მათივე ინფორმაციით, სკვერის რეაბილიტაციისთვის განსაზღვრულია 83265 ლარი, სამუშაოებს შპს „არადანი“ ასრულებს.
დასასრულს უახლოვდება რუსთაველის ქუჩის #120-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციაც.
აქაც განახლდა საფეხმავლო ბილიკები, მოეწყო ახალი გაზონები, ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედანი, დაიდგა ლამპიონები, ძელსკამები და საბავშვო ატრაქციონები. სკვერში სამუშაოებს შპს „ნიუ სთაილი“ ასრულებს და მისი ღირებულება 234056 ლარია.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ორივე სკვერის რეაბილიტაცია მალე დასრულდება და ქალაქს თანამედროვე სარეკრეაციო ზონები შეემატება.