გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, USAID-საქართველოს მისიის დირექტორთან, პიტერ ვიბლერთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც შპს „აგროკომპლექსის” ხილის შემნახველი ახალი საწარმო გახსნა და პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული სუფრის ყურძნის ბაღი დაათვალიერა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოს მთავრობის და „ქართული ოცნების“ დანაპირების შესრულებაა კიდევ ერთი ახალი საწარმო. ქვეყანაში უკვე 200 ერთეულს აჭარბებს სამაცივრე და გადამმუშავებელი საწარმოების რაოდენობა. ახალი საწარმოს გახსნით, ქვემო ქართლის მოსახლეობა, ფერმერები მიიღებენ დამატებით სარგებელს, შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები. რაც შეეხება სუფრის ყურძნის ახალი ბაღების გაშენებას, ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში. საქართველო არ არის განებივრებული სუფრის ყურძნის წარმოებით. სახელმწიფოს მხარდაჭერით კი, 2-3 წელიწადში შესაძლებელი იქნება სუფრის ყურძნის ექსპორტზე გატანაც”, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
USAID-საქართველოს მისიის დირექტორის, პიტერ ვიბლერის განცხადებით, თანამშრომლობა მიზნად ისახავს ქვემო ქართლის რეგიონში ისეთი ეკონომიკური აქტივობების უზრუნველყოფას, რაც ადგილობრივ ფერმერებს შემოსავლების ზრდაში დაეხმარება.
„დღევანდელი დღე განსაკუთრებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის. დღეს, საფუძველი ეყრება ჩვენს სააგენტოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსა და კერძო სექტორს შორის მორიგ თანამშრომლობას. აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს ქვემო ქართლის რეგიონში ისეთი ეკონომიკური აქტივობების უზრუნველყოფას, რაც ადგილობრივ ფერმერებს შემოსავლების ზრდაში, ხოლო ქვეყნას ეკონომიკური ზრდის წახალისებაში დაეხმარება. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით, შიდა ქართლის რეგიონი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. UNSAID მხარს უჭერს აღნიშნულ რეგიონში კერძო სექტორის საქმიანობის განვითარებასა და, შესაძლებლობების ფარგლებში, ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის აღდგენას“, – განაცხადა პიტერ ვიბლერმა.
„შპს „აგროკომპლექსი“ „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ბენეფიციარია. საწარმოში, ჯამურად, 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 600,000 ლარი გრანტია, ხოლო 1, 500,000 ლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი. USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, შპს „აგროკომპლექსის“ თანაინვესტირებით (113 000 აშშ დოლარი) 1 440 მ2 ფართზე აშენდა შენობა და დამონტაჟდა ტენიანობისა და ვენტილაციის მარეგულირებელი სისტემა. შპს „აგროკომპლექსის“ სამაცივრე მეურნეობა აღჭურვილია თანამედროვე ULO (Ultra low Oxyge) ტექნოლოგიით, რომლიც USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტით (74 786 აშშ დოლარი) შეიძინა და 10 სამაცივრე კამერა აღჭურვა. კამერების ჯამური ტევადობა ათასი ტონაა. თანამედროვე ULO ტექნოლოგია უზრუნველყოფს, რომ ხილმა ერთი წლის შემდეგაც ხიდან მოწყვეტილის იერსახე და ღირებულებები შეინარჩუნოს. საწარმოში მუდმივად დასაქმებულია 15 პირი. კომპანია პროდუქციის რეალიზებას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს. რაც შეხება პროგრამის „დანერგე მომავალი” ფარგლებში გაშენებულ სუფრის ყურძნის ბაღებს, ექვსმა კომპანიამ სუფრის ყურძნის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისათვის 529.379 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო და 3,500,000 ლარის მოცულობის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. კომპანიების საკუთრებაში არსებულ 30 ჰა-ზე იტალიური ჯიშის სუფრის ყურძენი გაშენდა.
ქვემო ქართლის რეგიონში გიორგი ხანიშვილთან და პიტერ ვიბლერთან ერთად იმყოფებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და სოლომონ პავლიაშვილი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და USAID-ის წარმომადგენლები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.