ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა 5 ივნისს გაიხსნება

1067

ახმეტის მუნიციოალიტეტის მერის პირველი მოადგილის, ვაჟა ნასყიდაშვილის თქმით, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა 5 ივნისს გაიხსნება. მისივე განმარტებით, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

“ადგილზე იმყოფებოდნენ სპეციალისტები და გეოლოგები, მათი გარემოზე დაკვირვებისა და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გაცემული რეკომენდაციის შემდეგ, მძიმე ტექნიკამ მუშაობა განაახლა. ამ დროისთვის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა,” – აღნიშნა ნასყიდაშვილმა.

თუშეთში განთავსებული კერძო საოჯახო სასტუმროების მფლობელები ფიქრობენ, რომ წელს თუშეთი აქტიური ტურისტულ სეზონი არ იქნება, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათი აზრით, გზის დროული გახსნა მნიშვნელოვანია.

,,შარშან ამ დროს უკვე ტურისტებს დაჯავშნილი ჰქონდათ სასტუმრო და ზოგს თავისუფალი ადგილის არქონის გამო, უარსაც კი ვეუბნებოდით. წელს ძირითადად შიდა ტურიზმის იმედზე ვრჩებით. ალბათ იქნებიან ვიზიტორები, მაგრამ არც რაოდენობა და არც შემოსავალი არ იქნება იმდენი, რაც უცხოელი ტურისტების სტუმრობის შემთხვევაში გვქონდა,“ – ამბობს სოფელ ომალოში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელი გელა ბახტურიძე.

მისივე თქმით, ჯერჯერობით, სასტუმროში არცერთი ჯავშანი არ აქვთ.

როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, თუშეთის მიმართულებით საავტომობილო გზის გახსნის შემდეგ, სასაზღრო დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელიც ზამთრის სეზონზე თუშეთში კვირაში ერთხელ რეგურალურ რეისებს ასრულებდა და მოსახლეობისთვის გადაადგილების ერთადერთი საშუალება იყო, ზაფხულის პერიოდში თვეში მხოლოდ ერთ რეისს შეასრულებს და საქართველო-რუსეთის ომალოს სასაზღვრო სექტორზე მომსახურე მესაზღვრეებს გადაიყვანს.

შეგახსენებთ, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, ზვავი 5 მაისს ჩამოწვა, რის შედეგადაც ერთი ადამიანიდაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა.