რეგფონდის დაფინანსებით, მცხეთა-მთიანეთში 6 მილიონის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

640

მცხეთა-მთიანეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რეგიონში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

სამინისტროს ცნობით, პროექტების ჯამური ღირებულება 6 მილიონ ლარს აღემატება. შენდება და რეაბილიტაცია უტარდება საბავშვო ბაღებს, სკოლებს, კულტურისა და სპორტის ობიექტებს, უმჯობესდება საგზაო და ტურისტული ინფრასტრუქტურა.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ დაათვალიერეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნენ და კონტრაქტორი კომპანიის მშენებლებს გაესაუბრნენ.

„ქალაქ დუშეთში დაიწყო სპორტული კომპლექსის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში 4- სართულიანი შენობა აშენდება, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და აღიჭურვება. ქალაქში დაიწყო, ასევე N 1 საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები და ეზოს კეთილმოწყობა. ასევე, დაგეგმილია დუშეთის N 2 და N 3 საბავშვო ბაღების სრული რეაბილიტაცია. აქტიურად გრძელდება დაბა თიანეთის კულტურის სახლის რეაბილიტაციაც. სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს. პროექტი ითვალისწინებს შენობის სრულ განახლებას და შესაბამისი აპარატურითა აღჭურვას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.