დღეს, 29 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში შპს „ჯი-თი გრუპ“-თან ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია ვალდებულია მერიას ISUZU-ს მარკის 5 ახალი ავტობუსი გადასცეს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა, ავტობუსების შესაძენად მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 311 000 ლარი გამოყო.
„ავტობუსები, 25 მგზავრზეა გათვლილი, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის“, – წერია მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში
მარნეულის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო კომპანიის შპს „მარნეულის ავტოპარკის“ დირექტორმა გიგა ჯალაღონიამ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მუნიციპალიტეტში ავტობუსები ოქტომბერში უნდა ჩამოვიდეს.
„ხელშეკრულებით ბოლო ვადა ოქტომბერია განსაზღვრული, მაგრამ კომპანიის წარმომადგენლები დაგვპირდნენ, რომ ავტობუსებს სექტემბერში ჩამოიყვანენ,“ – განაცხადა გიგა ჯალაღონიამ.
ჯალაღონია განმარტავს, რომ ხუთი ახალი ავტობუსი ძირითადად ქალაქ მარნეულზე გადანაწილდება, მაგრამ მისთვის საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით უცნობია.