პანდემიის დროს სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი შარაბიძის დასახლება ბათუმში

525

პანდემიის ფონზე ჯანდაცვის სისტემა ხელების დაბანას გირჩევთ, სახელწიფო კი წყლით უზრუნველყოფას ვერ ახერხებს. მუდმივი მოწოდებების ფონზე, რეკომენდაციის შესრულებას  ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე ვერ ახერხებენ. ჰიგიენის დაცვა 21-ე საუკუნეში, შარაბიძეების დასახლებაში, მცხოვრებლებს უჭირთ. მდგომარეობა გაუსაძლისია, რადგან წყლის პრობლემა აქვთ. ამ თემაზე რეპორტაჟს ტვ25 ავრცელებს.

სიუჟეტში ნათქვამია, რომ აკაკი შანიძის ქუჩაზე მცხოვრებლებს უჭირთ გაიხსენონ თარიღი, როდის მიეწოდებოდათ უკანასკნელად სასმელი წყალი. ოჯახებისთვის ერთადერთი საშუალება წლების წინ, მათ მიერვე მოწყობილი ჭაბურღილებია, თუმცა წყალი მაინც გრაფიკით, დღეში სამჯერ, თითო საათით აქვთ. ასობით ოჯახს სამი ჭაბურღილი ვერ აკმაყოფილებს. იმის გამო, რომ ჭების მუშაობა ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული, მოსახლეობას უჭირს საფასურის გადახდაც. ადგილობრივები ამბობენ, რომ როცა კორონავირუსის პანდემიის დროს განსაკუთრებულად სჭირდებათ ჰიგიენის დაცვა, უწყლობა კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა.

დასახლებაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ რამდენიმე წლის წინ, კორპუსებთან, ახალი წყლის მილები დაამონტაჟეს და მრიცხველებიც დააყენეს, თუმცა მათთვის გაურკვეველი მიზეზით, წყალი მაინც არ მიეწოდებათ. ამხანაგობებმა ბათუმის მერიასა და „ბათუმის წყალს“ განცხადებით არაერთხელ მიმართეს, თუმცა შედეგად, შეუსრულებელი დაპირების გარდა, დღემდე არაფერი მიუღიათ.

აკაკი შანიძის ქუჩაზე მცხოვრებლების პრობლემას კარგად იცნობენ „ბათუმის წყალში“.  ორგანიზაციაში გვარწმუნებენ, რომ დასახლებაში, წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად დამატებით სამუშაოები კიდევ დარჩა შესასრულებელი. დირექტორი, მარიკა გვიანიძე აცხადებს, რომ მოსახლეობის მოთხოვნა მიმდინარე წლის შემოდგომისთვის დაკამყოფილებული იქნება.

შარაბიძეების დასახლებაში, აკაკი შანიძის ქუჩაზე წყლის სისტემის გამართვას 1 100 ოჯახი ელოდება.