ადამიანებისთვის, რომლებიც პლაჟზე პროდუქტით და ნივთებით ვაჭრობენ, სპეციალური რეგულაციები მუშავდება

440

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის თინათინ ზოიძის განცხადებით, პლაჟზე როგორც ადამიანებს, ისე საზღვაო ინფრასტრუქტურას შორის მაქსიმალური დისტანცირება მოხდება.

როგორც ზოიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსს“ განიცხადა, მუშავდება მექანიზმი როგორც უსაფრთხოების, ისე რეკომენდაცების დაცვის მონიტორინგის მიმართულებით.

„ყველა სტანდარტი ეფუძნება ორ ძირითად პრინციპს, ესაა ჰიგიენის და დისტანციის დაცვა. ჩვენ შემთხვევაშიც, ის სტანდარტი, რომელიც შემუშავებულია როგორც სერვისის მიმწოდებელი ობიექტებისთვის, იგივე პრინციპია საზღვაო ინფრასტრუქტურის შემთხვევაშიც და ეს არის მაქსიმალურად დისტანცია, როგორც პლაჟზე შეზლონგებს შორის, ისე პლაჟზე მყოფ ადამიანებს შორის“, – განაცხადა ზოიძემ.

მისი თქმით, ადამიანებისთვის, რომლებიც პლაჟზე სხვადასხვა პროდუქტით ან საზღვაო ინვენტარით ვაჭრობენ, სპეციალური რეგულაციები შემუშავდება.

„იმ მომსახურებებს, რაც ხელით შეხებასთან, ნაღდ ანგარიშსწორებასთან არის დაკავშირებული განსაკუთრებულად უნდა მივაქციოთ ყურადღება. აღნიშნული საკითხის განხილვა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით. ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ წელს განსხვავებულად მოგვიწევს დასვენება. მათთვის იქნება სპეციალური რეგულაციები, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა“, – განაცხადა ზოიძემ.