29 მაისიდან ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. როგორც შპს “ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის” დირექტორის მოადგილე ირაკლი ცხვედიანი აცხადებს, აღდგება როგორც ავტობუსების, ასევე სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა.
“პირველ ეტაპზე 29 მაისს ავტობუსები გაეშვება, ალბათ, იქვე მოხდება სამარშრუტო ტაქსების გაშვება. რა თქმა უნდა, მთავარი რეკომენდაციაა, პირბადის ტარება. თუ დამატებითი რეკომენდაციები იქნება მოთხოვნილი, მაქსიმალურად დავიცავთ, ეს შეეხება დისტანცირებას და მგზავრთა განლაგებას”, – განაცხადა ირაკლი ცხვედიანმა ჟურნალისტებთან საუბარში.
მისი თქმით, ტრანსპორტის სვლა გეზები უცვლელი იქნება. არ შეიცვლება მგზავრობის ღირებულებაც.
რაც შეეხება ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებას ცხვედიანით, თქმით, ახალი ავტობუსები ქალაქში სავარაუდოდ, სექტემბერში გამოჩნდება.
აღსანიშნავია, რომ გადამზიდავი კომპანიები 3 თვის ვადით, მარტიდან მაისის ჩათვლით ადგილობრივი ბიუჯეტის მოსაკრებლისაგან თავისუფლდებიან, გადაწყვეტილება ქუთაისის საკრებულომ დღეს მიიღო. თანხა, ჯამში 200 ათას ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, პანდემიის გამო ტრანსპორტის მუშაობა მარტში შეჩერდა.