სოფელ ქვემო ბოლნისის ერთ-ერთ უბანში, მოსახლეობას კვლევის ჩატარების მიზნით დღეს ნიმუშებს აუღებენ

662

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის ერთ-ერთ უბანში, მოსახლეობას კვლევის ჩატარების მიზნით დღეს ნიმუშებს აუღებენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ვნობით, პრევალენტობის კვლევის დროს, სწრაფი ტესტით, ქვემო ბოლნისში 63 წლის მამაკაცს კოვიდინფექცია გუშინ დაუდგინდა. მამაკაცის მჭიდრო კონტაქტები მოძიებულია, თუმცა მისი ინფექციის წყარო უცნობია.

დღეს, სოფლის გარეუბანში, სადაც კორონავირუსი დადასტურდა, ეპიდკონტროლისა და ინფექციის წყაროს დადგენის მიზნით, მოლეკულური კვლევისთვის მოსახლეობიდან ნიმუშების აღება მოხდება. ქვემო ბოლნისში 3 ბრიგადა იმუშავებს, 1 ადგილობრივი და 2 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან.

სოფელი ქვემო ბოლნისი ერთ-ერთი პირველი დასახლებაა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სადაც კოვიდინფიცირების ფაქტი გამოვლინდა და 1-ელ აპრილს მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. საკარანტინე შეზღუდვა, სოფელში 8 მაისს მოიხსნა. სულ სოფელ ქვემო ბოლნისში ამ დროისთვის კოვიდინფიცირების 7 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 2 გარდაიცვალა და 4 გამოჯანმრთელდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში დღეისათვის კოვიდინფიცირების 163 დადასტურებული შემთხვევაა, 3 გარდაიცვალა და 76 გამოჯანმრთელდა.