გიორგი ბოტკოველი: უაზრო ბიუროკრატიული ნიუანსების გამო, მიწის რეგისტრაციის პროცესი შეჩერებულია

863

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება გლეხების დახმარების პროგრამას და რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე დახმარებას აანონსებს, უაზრო ბიუროკრატიული ნიუანსების გამო მიწის რეგისტრაციის პროცესი შეჩერებულია.

როგორც გიორგი ბოტკოველმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იმის გამო, რომ სოფლის წარმომადგენლები სახელშეკრულებო მოხელეებად გადაიყვანეს, დღემდე ვერ მოხერხდა თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანა, რომ სახელშეკრულებო მოხელესაც შეეძლოს ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

„ერთი მხრივ, ხელისუფლება გლეხების დახმარების პროგრამას და რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე დახმარებას გვიანონსებს, მეორე მხრივ, უაზრო ბიუროკრატიული ნიუანსების გამო მიწის რეგისტრაციის პროცესი შეჩერებულია. რატომ ხდება ეს, რომ ვითომ გამარტივებულ პროცესს პრობლემების წინაშე აყენებენ? მარტივი მიზეზის გამო. სოფლის წარმომადგენლები სახელშეკრულებო მოხელეებად გადაიყვანეს და დღემდე ვერ მოხერხდა თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანა, რომ სახელშეკრულებო მოხელესაც შეეძლოს ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ასეულობით მოთხოვნა საჯარო რეესტრიდან გადაგზავნილია მუნიციპალიტეტებში და რეაგირების გარეშე ყრია. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ გვინდა ხელისუფლებას მოვუწოდოთ. ამას არანაირი განსაკუთრებული რამ არ სჭირდება. ამას სამთავრობო ადმინისტრაციული აქტის გამოცემა სჭირდება, რომელიც ადგილზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს საშუალებას მისცემს, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქ მცხოვრების მხრიდან შევა, სასწრაფოდ მოხდეს შესაბამისი ადმინისტრაციული ოქმის მიღება და შემდგომ უკვე გადაგზავნა საჯარო რეესტრის შესაბამის სამსახურებში“,- განაცხადა გიორგი ბოტკობელმა.