საგანგებო მდგომარეობის გაუქმება არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ პანდემია დამარცხებულია, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პანდემია არც საქართველოშია დამარცხებული და არც – მსოფლიოში.
„ეს საბჭო შეიქმნა 28 იანვარს და ეს იყო ის პერიოდი, როცა საქართველოში არცერთი ინფიცირების შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული. ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა ერთი თვის შემდეგ. ორი თვის შემდეგ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და დღეს ჩვენ ოფიციალურად შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიმართულებით. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ პანდემია დამარცხებულია. პანდემია საქართველოშიც არ არის დამარცხებული ისევე, როგორც გლობალურად მსოფლიოში. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პანდემიის მიმათულებით მოგვიწევს ორ ფრონტზე ბრძოლა, ორი მიმართულებით ბრძოლა: პირველ რიგში, ეს არის და რჩენა ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და შემდგომ – ჩვენი ეკონომიკის აღორძინება. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია დღეს ვთქვათ, რომ პირველ ნაწილს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას გავართვით თავი და ეს ამ საბჭოს დიდი დამსახურებაა. ეს საბჭო იყო ორგანო, რომელმაც პანდემიის შეჩერებას და პანდემიასთან ეფექტურად ბრძოლის საქმეს სრული სისტემური კოორდინირება გაუწია ყველა მიმართულებით . ჩვენ ახლა ვიბრძვით მეორე მიმართულებით, ეკონომიკის სწრაფი ეფექტური აღორძინების მიმართულებით და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან უკიდურესად არის დაკავშირებული,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 23 მაისის 00:00 საათიდან მოიხსნება.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოში 10 პირზე მეტის შეკრება აკრძალულია. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულოა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 213 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 723 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 495 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.