შემოსავლების სამსახური: ბოლო მონაცემით, შრომითი ურთიერთობა 78000 პირს შეუწყდა ან შეუჩერდა

695

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის არსებული მონაცემებით, პანდემიის პირობებში შრომითი ურთიერთობა 78 000 დასაქმებულს შეუწყდა ან შეუჩერდა. სამინისტროს ინფორმაცია დასაქმებულების შესახებ 20 000-მდე დამსაქმებელმა მიაწოდა, თუმცა, უწყების მონაცემებით, ეს რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს.

“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებლებს, შეასრულონ მთავრობის დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა, რათა დაქირავებით დასაქმებულებმა მიიღონ კუთვნილი კომპენსაციების თანხები”, — აღნიშნულია განცხადებაში.

შემოსავლების სამსახურ აღნიშნავს, რომ დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ისინი ამოწმებენ აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 2 დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს გადასცემს.სააგენტო დასაქმებულებზე კომპენსაციას 10 დღის ვადაში გასცემს.

მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, რომელიც პრემიერმინისტრმა გიორიგი გახარიამ საზოგადოებას 24 აპრილს წარუდგინა, საქართველოს მთავრობა 6 თვის განმავლობაში ჯამში 1200 ლარს, ანუ თვეში 200 ლარს გადაუხადოს მათ, ვინც სამსახური დაკარგა ან უხელფასო შვებულებაში გადავიდა.

4 მაისს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მიერ ხელმოწერილი დადგენილება №286, სადაც განსაზღვრულია კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული დასაქმებულებიდან კომპენსაციას ვინ მიიღებს და ვინ – არა.

ასევე, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს გადაუხდის.

4 მაისს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მიერ ხელმოწერილი დადგენილება №286, რომლითაც განისაზღვრა ვისზე, როდიდან და რა ფორმით გაიცემა თვითდასაქმებულებზე კომპენსაცია.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოში 10 პირზე მეტის შეკრება აკრძალულია. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულოა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 213 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 721 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 485 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.