ყველა იმ პროექტზე, რომელიც დაიწყება 2023 წელს და რომლის ღირებულება აღემატება 20 მილიონ ლარს, განხორციელდება წინასწარი შეფასება, რომელიც მოიცავს პროექტის როგორც ეკონომიკურ ისე სოციალური ეფექტების წინასწარ განსაზღვრას – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სახელმწიფო ინვესტიციების მართვის რეფორმაზე საუბრისას.
მისი თქმით, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების ფარგლებში 2022 წლის ბოლომდე განახლდება საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგია.
„მეთოდოლოგია მოიცავს პროექტის წინასწარი შერჩევის, შეფასების, ბიუჯეტირების, განხორციელებისა და დასრულების შემდგომი შეფასების სრულ ციკლს. განახლებულ მეთოდოლოგიაში განისაზღვრება კონკრეტული კრიტერიუმები, თუ რომელ პროექტებზე იქნება სავალდებულო წინასწარი შეფასების განხორციელება. ბიუჯეტთან ერთად, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით, ყველა ახალ საინვესტიციო პროექტზე, რომელიც შეესაბამება განახლებული მეთოდოლოგიით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და აისახება ბიუჯეტის პროექტში, სავალდებულო ხდება წინასწარი შეფასების შედეგების წარდგენა ბიუჯეტთან ერთად“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, აღნიშნული რეფორმა მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი კაპიტალური ხარჯების ეფექტურობას.