ქარელის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული კომისიის სხდომაზე ხმაური იყო

1117

ქარელის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული კომისიის სხდომაზე ხმაური იყო.

სხდომაზე ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, სოფელ რუისში მდებარე 19 858 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ პროექტი განიხილეს.

სოფელ რუისის მცხოვრებლები მიწის ამ ფართობის გასხვისებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეს არის სოფლის სტადიონი და ეს ფართობი სრულად განკუთვნილია სპორტული კომპლექსისთვის.

სოფელ რუისის მცხოვრებლებმა საჯარო რეესტრის 2012წლის ამონაწერი წარადგინეს, სადაც ეს მიწის ფართობი რეგისტრირდებოდა როგორც სოფლის სპორტული მოედანი. ასევე, წარადგინეს 2020 წლის 9 მარტს ხაშურის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

საკრებულოს იურუსტის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით მერიას ეკრძალება ამ მიწის აუქციონის წესით გასხვისება და არა სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა.

მერიასა და რუისის მოსახლეობას შორის დავა სოფლის მიწის ფართობის (სოფლის სპორტული მოედნის) ამ ნაწილზე გასული წლის ბოლოს დაიწყო, მას შემდეგ რაც მერიამ სადავო მიწის ნაწილი კომპანია “ბიგ სერვისზე” აუქციონის წესით 54 000 ლარად გაასხვისა.