საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის წინააღმდეგ პეტიცია შეიქმნა

1141

წინა სტატია

შემდეგი სტატია

საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის წინააღმდეგ ონლაინ პეტიცია შეიქმნა. პეტიციით მოქალაქეები მოუწოდებენ პარლამენტს, რომ ტყის კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი არ დაუჭირონ. საუბარია კანონპროექტზე, რომელიც საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ არაუმეტეს 20 ჰექტარი ტყის ფართობის გადაცემას ითვალისწინებს.

“ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოვითხოვთ საქართველოს პარლამენტმა არ დაუჭიროს მხარი ცვლილებების შეტანას ტყის კოდექსში, რომელიც საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ 20 ჰექტარი ტყის ფართობის გადაცემას ითვალისწინებს. ეს არღვევს საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებას და ქმნის სტრატეგიული ბუნებრივი რესურსების მართვის და განაწილების უსამართლო პრაქტიკას”, — წერია პეტიციაში.

პეტიციას ამ დროისთვის 3 300-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა.

20 მაისს, გარემოს დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს ტყის კოდექსში, რომელიც საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ არაუმეტეს 20 ჰექტარი ტყის ფართობის გადაცემას ითვალისწინებს. ცვლილებათა პაკეტის ინიციატორი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა მოხსენების დროს თქვა, რომ სიცრუეა, თითქოს ხელისუფლება საპატრიარქოს ტყეებს საარჩევნოდ გადასცემს. მან აღნიშნა, რომ მიზანი ტყის მოვლა და მომავალი თაობებისთვის შენახვაა.

“მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს ჩვენ არჩევნების წინ ვაპირებთ საპატრიარქოს გადავულოცოთ ტყეები და საკუთრების უფლება ტყეებზე. ამ კანონით, თუკი საპატრიარქოს მიეცემა რაღაცა რაოდენობის, გარკვეული რაოდენობის ტყეები, იმ ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიებზე რა თქმა უნდა, რომლებიც უმეტესწილად ტყის ფონდშია განთავსებული, მას უფრო მეტი ვალდებულებები ექნება, ვიდრე უფლებები. ეს ვალდებულებები მოიცავს მოვლას, აღდგენას, ტყის მდგრად მართვას, სატყეო სპეციალისტების დაქირავებას, ინვენტარიზაციას, მართვის გეგმების შედგენას და მთელ რიგ ვალდებულებებს”, — თქვა ნინო თანდილაშვილმა.

კომიტეტების მხარდაჭერის შემდეგ, ცვლილებები პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტს დეპუტატები მხარს დაუჭერენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰექტრისა თითოეულის შემთხვევაში.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა დამატებით ქონებრივ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას, არღვევს სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს და აღრმავებს საქართველოს სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ არსებულ უთანასწორობას.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) შეფასებით, საპატრიარქოსთვის უძრავი ქონების გადაცემისა და სუბსიდირების არსებული პრაქტიკა არღვევს სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპს და კონკრეტულ რელიგიურ ორგანიზაციას გაუმართლებელ პრივილეგიას ანიჭებს. ამგვარი მხარდაჭერის პრაქტიკა თვითნებობის და რელიგიური საკითხების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების რისკებს აჩენს და მთლიანობაში ნეგატიურ გავლენას ახდენს დემოკრატიულ პროცესებზე. ამასთან, კონკრეტული რელიგიური ორგანიზაციის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება სხვა რელიგიურ ჯგუფებთან მიმართებით დისკრიმინაციული შინაარსისა.

ამ დროისთვის უცნობია, როდის იგეგმება ტყის კოდექსის განხილვა პლენარულ სხდომაზე.