გახარია: შეზღუდვები გვჭირდება, მაგრამ არ გვჭირდება საგანგებო მდგომარება და კომენდანტის საათი, ამიტომ მივმართეთ პარლამენტს

1060

შეზღუდვები გვჭირდება, მაგრამ ამავე დროს, არ გვჭირდება საგანგებო მდგომარება და კომენდანტის საათი. ამიტომ ჩვენ მივმართეთ პარლამენტს, – ამის შეასხებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას გახარიამ განმარტა, რატომ არის საჭირო მთავრობისთვის უფლებამოსილების მინიჭება, რომ მას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლოს.

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღეს ჩვენგან გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნებას მოითხოვდა. ევროპის ქვეყნებში ივლისამდე, სექტემბრამდეა გაგრძელებული. ჩვენ, სხვებთან შედარებით, COVID 19-ის რისკებს ვმართავთ ეფექტურად, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ეკონომიკის ამოქმედების გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ, რისთვისაც ჩვენ უკვე მზად ვართ, მაგრამ არავინ იფიქროთ, რომ ჩვენ ან მსოფლიომ კოვიდი დავამარცხეთ, არა. არავინ იფიქროს, რომ ეკონომიკური კრიზისიდან უკვე გამოვედით, ან უკვე კონკრეტული ჰორიზონტები გვაქვს, რომ კრიზისი დამარცხებულია. ეს შეცდომა არ უნდა დავუშვათ. ერთი რამ უნდა გვესმოდეს, ჩვენი წარმატების ფასი იქნება ნული, თუ ჩვენი გაუაზრებელი, სწრაფი და ყოვლისმომცველი შეზღუდვების ერთბაშად მოხსნით ქვეყანას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ აღორძინების საქმეს შევიყვანთ რისკის ქვეშ. ამიტომ ჩვენ ეს შეზღუდვები გვჭირდება, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ გვჭირდება საგანგებო მდგომარება და კომენდანტის საათი. ამიტომ ჩვენ მივმართეთ პარლამენტს, რათა ეს შეზღუდები იყოს გონივრული, ეფექტური და იყოს კონკრეტულ მიზნებზე მიმართული.

ამასთან, გრძელდება საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი და ქვეყანამ უნდა მიიღოს ის ცვლილებები, რომელიც ჩვენ ყველას გვჭირდება არჩევების კონტექსტში. ამიტომ ყველამ კარგად იცის, რომ მთავრობა ცდილობს და ეფექტურად პოულობს ბალანსს, რომელიც არის ეპიდემიის რისკების მართვა, ეკონომიკური აღორძინება და, რა თქმა უნდა, ცოცხალი პოლიტიკური პროცესის შენარჩუნება“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებებით დაგეგმილ შეზღუდვებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ შევა.

ცნობისთვის, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. პარლამენტს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტი წარედგინა. კანონპროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 702 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 456 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა