პრემიერი: თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს უკიდურესად ფრთხილი და გააზრებული, არანაირი ერთბაშად სწრაფი მოხსნები ვერ იქნება

722

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს უკიდურესად ფრთხილი და უკიდურესად გააზრებული, არანაირი ერთბაშად სწრაფი მოხსნები ვერ იქნება“, – ამის შესახებ პრემიემინისტრმა გიორგი გახარიამ ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისასას განაცხადა.

პრემიერის თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანაში ტურისტები ჩამოვიდნენ, მნიშვნელოვანია საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე სარგებლობდეს კოვიდ 19-სგან უსაფრთხო ქვეყნის სახელით.

„ჩვენ პირველ რიგში ტურიზმის განვითარებას ვიწყებთ რეგიონებიდან და არა მაგალითად, თბილიდან, იმიტომ, რომ იქ სხვა რისკებია და ამ რისკების მართვა თბილისში ცოტა უფრო რთულია, კახეთში და რეგიონში ბევრად უფრო მარტივია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს უკიდურესად ფრთხილი და უკიდურესად გააზრებული, არანაირი ერთბაშად სწრაფი მოხსნები ვერ იქნება . ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ არ დავაყენოთ კითხვის ნიშნის და რისკის ქვეშ საქართველოს, როგორც კოვიდ 19-თან ეფექტურად მებრძოლი და კოვიდის რისკების ეფექტურად მართვადი ქვეყნის რეპუტაცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამის გარეშე ვერანაირი ტურიზმი ვერ იქნება და არანაირი სტუმარი არ ჩამოვა. პირველ რიგში უნდა ვიყოთ კოვიდისგან სუფთა, უსაფრთხო, მწვანე და ამის შემდგომ შეგვიძლია უკვე ყველაფერზე ვილაპარაკოთ“, – განაცხადა გახარიამ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 702 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 456 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.