რუსთავის მერიაში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

1227

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) დაფინანსებული პროექტის – „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ფარგლებში, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ქალაქ რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა, კონსორციუმი ,,სამართლებრივი დახმარება საქართველოს” თავმჯდომარე დიმიტრი ზვიადაძემ და ორგანიზაცია ,,გადავარჩინოთ ბავშვების” ხელმძღვანელმა თამარ გოლუბიანმა მოაწერეს.

მემორანდუმის ხელმოწერას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ჯონათან ჰეისი და ეკა თოფურია, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, ქალაქ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები გოჩა შავაძე და ნინო ლომიძე ესწრებოდნენ.

მემორანდუმზე ხელის მოწერამდე, კონსორციუმ ,,სამართლებრივი დახმარება საქართველოსა“ და საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ წარმომადგენლებმა, დამსწრე საზოგადოებას, პროექტის – „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ შესახებ, მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია.

მემორანდუმი მიზნად ისახავს, ხელმომწერ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და გაძლიერებას, იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) და სხვა მოწყვლადი ჯგუფების (შემდგომში „ბენეფიციარები“) უფლებების დაცვისა და მათთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის პროცესში.

პროექტს – „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“, კონსორციუმი ,,სამართლებრივი დახმარება საქართველო“ (LAG), საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ (SC)-თან თანამშრომლობით ახორციელებს.