რუსთავის ბაღებში წელს აღსაზრდელების მისაღებად ჯამში 2375 ვაკანტური ადგილი გამოცხადდა. რეგისტრაცია ბაღებში ორ ეტაპად წარიმართება. ამის შესახებ ტვ4 წერს.
პირველ ეტაპი 20 მაისს დაიწყება და 5 ივნისამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის პირველი ეტაპი პრიორიტეტით ჩასარიცხ აღსაზრდელებს შეეხებათ.
პრიორიტეტით ჩასარიცხთა სიების 7 კატეგორიის ჯგუფები გამოიყო.
- მრავალშვილიანი დედების შვილები (იგულისხმება 4 და მეტი შვილი) – უნდა წარმოადგინოს რომ მრავალშვილიანი დედაა ან ოთხივე შვილის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და დედის პირადობის მოწმობის ასლი.
- მარტოხელა დედების შვილები (იგულისხმება შესაბამისი დოკუმენტის მქონე, არ მოიაზრება დაშორებული ოჯახის შვილები) – უნდა წარადგინონ შესაბამისი სტატუსის დოკუმენტი.
- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები – უნდა წარმოადგინონ სტატუსის დოკუმენტი.
- ის ბავშვები, რომელთა დედმამიშვილები უკვე სწავლობენ ბაღებში – ჩარიცხვა მოხდება ბაზაში არსებული ინფორმაციის გადამოწმების საფუძველზე.
- მინდობით აღზრდაში მყოფი პატარები – მიმღები ოჯახებს არ მოეთხოვებათ აღზრდაში მყოფი ბავშვების რუსთავში რეგისტრირების დოკუმენტი.
- დედით ან მამით ობოლი ბავშვი – უნდა წარადგინონ დედის ან მამის გარდაცვალების მოწმობის ასლი.
- ბაგა-ბაღებში დასაქმებული თანამშრომლების შვილები.
შენიშვნა *** დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელი იქნება რუსთავის საკრებულოს ფლიგელში (რუსთავის მერიის შენობა) ყოველ სამუშაო დღეს 10 საათიდან 6 საათის ჩათვლით.
სხვა ბავშვები ელექტრონულ რეგისტრაციაში მიიღებენ მონაწილეობას.
ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება 12 ივნისს 11 საათიდან. ოთხივე ასაკობრივ ჯგუფში ერთსადაიმავე დღეს ჩატარდება რეგისტრაცია და დასრულდება ამავე დღეს.
- 11 საათიდან – 12 საათამდე 2-3 წლიანთა რეგისტრაცია (1210 ადგილი)
- 12 საათიდან – 1 საათამდე 3-4 წლიანთა რეგისტრაცია (941 ადგილი)
- 13 საათიდან – 2 საათამდე 4-5 წლიანთა რეგისტრაცია (114 ადგილი)
- 14 საათიდან – 3 საათამდე 5-6 წლიანთა რეგისტრაცია (110 ადგილი)
13 ივნისს უკვე გამოქვეყნდება სიები ვინ რომელ სააღმზრდელო ბაღსა და ჯგუფში ჩაირიცხება.
ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ვინმე ვერ ჩაირიცხება ბაღში მეორე რეგისტრაცია გაიმართება 25 აგვისტოს იგივე პრინციპით.
დოკუმენტები მათთვის, ვინც ელექტრონულ რეგისტრაციას გაივლის:
- დაბადების მოწმობის ასლები,
- ბავშვის 2 ფოტო,
- ჯანმრთელობის ცნობა ( კორონავირუსის გამო კონკრეტულად ეს დოკუმენტი შეიძლება წარდგენილ იქნას 15 სექტემბრამდე)
- ფაქტობრივ მისამართზე რეგისტრაციის ბარათი (რუსთავში რეგისტრირების მოწმობა)
შენიშვნა *** წელს ელექტრონულ რეგისტრაციაში განხილული იქნება რუსთავის 41-ე ბაღიც, რომელიც ჭყონდიდელის დასახლებაში მდებარეობს, თუმცა აღნიშნულ ფილიალში დარეგისტრირებას, მხოლოდ ჭყონდიდელის დასახლებაში მცხოვრები და რეგისტრირებული აღსაზრდელებისთვის იქნება შესაძლებელი.
შენიშვნა*** კორონავირუსის გამო წელს პირველად მობილობით დაინტერესებული აღსაზრდელთა მშობლები განცხადებების შეტანას დამატებით კიდევ ერთხელ შეძლებენ. ბაღის შეცვლის სურვილის შემთხვევაში 20 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით მათ განაცხადი უნდა წარადგინონ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში.