პანდემიის მიუხედავად, ქუთაისში ქონების პრივატიზების მოთხოვნა არ შეჩერებულა, – აცხადებენ ქუთაისის მერიაში. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების და ტრანსპორტის მართვის სამსახურის უფროსის მირზა მამასახლისის განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქუთაისში საპრივატიზებო ობიექტების 40% გაიყიდა და ადგილობრივ ბიუჯეტში დაახლოებით 2 მილიონი ლარი შევიდა.
“მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეპიდემიური სიტუაციისა ეკონომიკური პროცესი ჯანსაღია, არის ბიზნეს სექტორიდან მოთხოვნა ქონების პრივატიზების, ჩვენი მხრიდან, თვითმმართველობა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, ღიად და გამჭვირვალედ ვახდენთ ამ ქონების პრივატიზებას. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 2 მილიონამდე ლარის ქონება არის პრივატიზებული”, – აცხადებს მამასახლისი.
საპრივატიზაციო ოვიექტების ნუსხას საკრებულოს სხდომაზე კიდევ რამდენიმე შეემატა, მათ შორის ყველაზე სოლიდური, როგორც სამსახურის უფროსი აღნიშნავს, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე მდებარე ობიექტია, რომლის ღირებულება მილიონ 874 ათას ლარს შეადგენს.
წელს ქუთაისის მერიამ პრივატიზებიდან 4 მილიონ ნახევარ ლარზე მეტი თანხა უნდა მიიღოს.