ქობულეთში, რუსთაველის ქუჩიდან აღმაშენებლის N554-ის მიმდებარედ, ასევე აღმაშენებლის ქუჩიდან ზღვაზე ე.წ ედემის გადასასვლელის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
პროექტი ითვალისწინებს ორივე გადასასვლელის სრულ რეაბილიტაციას. მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაცია. ტროტუარი და სავალი ნაწილი დეკორატიული ფილებით და ბორდიურებით მოპირკეთდება. ადგილზე მოეწყობა მწვანე ზოლი და გარე განათების სისტემა. ტერიტორიაზე განთავსდება საპარკე სკამები, ფანჩატური, საბავშვო ატრაქციონები და სავარჯიშო კუთხე. პროექტი ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
სამუშაოებს შ.პ.ს. „ნიუ სთაილი“ ასრულებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 536 346 ლარია გამოყოფილი. პროექტის მიხედვით გადასასვლელების კეთილმოწყობა 4 თვეში დასრულდება.
ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ ტურისტულ სეზონამდე ძირითადი სამუშაოები დასრულდება. სეზონზე საჭიროების შემთხევაში რეაბილიტაციის პროცესი დროებით შეჩერდება და სეზონის დასრულების შემდეგ განახლდება.
ე.წ ედემის გადასასვლელი ბოლო პერიოდში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის. აღნიშნულ მონაკვეთს ქალაქში ჩამოსული სტუმრები ძირითადად პარკირებისთვის იყენებდნენ.
მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ არაერთხელ მოხდა სხვადასხვა ღონისძიების გატარება, თუმცა, პრობლემა მაინც მოუგვარებელი რჩებოდა. მერიაში ამბობენ, რომ სამუშაოების დაწყების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს იყო.