ხვალიდან ბათუმის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის იხსნება

1269

ხვალ, 16 მაისს ბათუმის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის იხსნება. დამთავლიერებლებს  ბაღის მონახულება დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე შეეძლებათ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

ბაღის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ბაღი ვიზიტორებს სრულ სერვისს ამ ეტაპზე ვერ შესთავაზებს. დამთვალიერებლები ვერ ისარგებლებენ ელექტრომობილებით და გიდის მომსახურებით.

რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს, აქ ამბობენ, რომ ბაღის შესასვლელში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია  დაცული იქნება.

ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას, 7 მაისს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 15 ივნისიდან საქართველო ადგილობრივი ტურისტებისთვის, 1 ივლისიდან კი, უცხოელი ტურისტებისთვისაც გაიხსნება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 671 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 393 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.