გავლენიანმა სამოგზაურო გამოცემამ National Geographic Travel Magazine 100 საუკეთესო ქალაქის შესახებ სპეციალური გზამკვლევი მოამზადა.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გზამკვლევში თბილისის ტურისტული ადგილებია წარმოდგენილი. სპეციალურ გამოცემაში ჟურნალისტი ჯოზეფ რიჩარდ იოგერტი თბილისის შესახებ წერს, ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურა. გზამკვლევში აღწერილია თბილისის ისტორიული უბნები, ისტორია, კულტურული ძეგლები, მუზეუმები, თეატრები ტურისტული მარშრუტები, სასტუმროები, კვების ობიექტები. თბილისთან ერთად გზამკვლევი ტურისტებს მცხეთასაც აცნობს.
„თბილისი დიდი ხანია აღმოსავლეთისა და დასავლეთის გავლენის ქვეშაა მოქცეული. ამ ქალაქის მემკვიდრეობა ვიზიტორებს საკუთარ გრძნობებს აცნობს. ქალაქის გზაჯვარედინზე ტრადიციული მუსიკის მოსმენისას ეცნობით მემკვიდრეობას, რომელიც როგორც ადრეული ქრისტიანული პერიოდის, ასევე ახლო აღმოსავლური რეგიონის გავლენას განიცდის. აქ შეძლებთ დააგემოვნოთ გემრიელი ქართული კერძები, რომელიც როგორც სპარსულს, ასევე ხმელთაშუა ზღვის რეგიონს აერთიანებს. შეგიძლიათ იხილოთ და შეეხოთ მემკვიდრეობას, რომელიც ძველი თბილისის არქიტექტურაშია გამოკვეთილი. აქ „იტალიურ ეზოებს“ იხილავთ, რომლის აივნებიც ხის მოაჯირებითა და სპირალური კიბეებით გამოირჩევა. ეს დიზაინი აბრეშუმის გზის ქარვასლას უფრო მოგაგონებთ, ვიდრე იტალიურს. აქ სამეზობლოში ეზოს ცხოვრების წესი ყველას თაობის ოჯახს აერთიანებს. აქ იკრიბებიან, იკვებებიან, საუბრობენ, მღერიან, ქეიფობენ და თამაშობენ. საუკუნეებია თბილისელები ამ პროცესით იღებენ სიამოვნებას,“-წერს ჯოზეფ რიჩარდ იოგერტი.
National Geographic Travel Magazine-ის ჟურნალისტი გზამკვლევში დეტალურად აღწერს გოგირდის აბანოებს, მცხეთის ტაძრებს და თბილისის ეროვნულ პარკს.
„თბილისის ეროვნული პარკი საგურამოს ქედის ჩრდილოეთით არის გაშლილი. აქ ველურ ბუნებაში ფოცხვერი, დათვი და ირემი ბინადრობს. ეროვნულ პარკში საფეხმავლო ბილიკებია მოწყობილი. აქედან თვალწარმტაცი ხედი იშლება თიანეთის გზაზე“, – წერს ავტორი.