თერჯოლის სოფელ ქვედა სიმონეთში 6 კმ-იანი გზა იგება

1117

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქვედა სიმონეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის არმირებული ბეტონით მოწყობის სამუშაოები განახლდა. პროექტი, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით სრულდება, გარდამავალია და საერთო ჯამში სოფელ ქვედა სიმონეთში 6 კმ.-ზე მეტი გზა რეაბილიტირდება.

სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 1,364,395 ლარია, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “მიმდემი“ ახორციელებს. ამჟამად სამუშაოები ჩიხლაძეების უბანში მიმდინარეობს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა მიმდინარე სამუშაოები მოადგილე მანუჩარ რობაქიძესა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა. ასევე მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებისაგან მიიღო დეტალური ინფორმაცია პროექტისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვის შესახებ.

დღესვე, ლაშა გოგიაშვილმა ქვედა სიმონეთი-ნავენახევის დამაკავშირებელი გზის დაზიანებული მონაკვეთი დაათვალიერა და ადგილობრივებს პრობლემის მოგვარების პირობა მისცა.

“დღეს ქვედა სიმონეთში დავათვალიერეთ პროექტი, რომლის ფარგლებშიც სოფელში 6 კმ. გზა მოეწყობა. ასევე დავათვალიერეთ გზის პრობლემური უბანი, რომელიც შეკეთების მიუხედავად, კვლავ დაზიანებულია. მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აწუხებს გზების პრობლემა, რის გამოც მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურა-სოფლებთან მისასვლელი და შიდა-საუბნო გზების რეაბილიტაცია ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება“, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა