ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ მერვედ ვენდოთ კონსორციუმს. ეს საკითხი დახურულია, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კონსორციუმი სამუშაოს გაგრძელებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
თურნავას განცხადებით, კონსორციუმს სამუშაოს შესრულებისთვის კარგი შანსი ჰქონდა.
„კონსორციუმს მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდა ძალიან კარგი შანსი და მხარდაჭერა იმისთვის, რომ დადგენილ ვადებში (ეს ვადები კიდევ 7-ჯერ გადავუწიეთ) ეს პროექტი დაეწყო და დაესრულებინა. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ მერვედ ვენდოთ კონსორციუმს. ეს საკითხი დახურულია“,- განაცხადა თურნავამ.
ცნობისთვის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საარბიტრაჟო დავას დროებით წყვეტს და ხელისუფლებას შეთანხმებისკენ მოუწოდებს.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ აქამდე გაწეული ინვესტიციები და ჩატარებული სამუშაოები აძლევს მას იმის საშუალებას, რომ სახელმწიფოსთვის ყველაზე ეფექტური პარტნიორი გახდეს, ანაკლიაში სამუშაოები სასწრაფოდ განახლდეს, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ქვეყნის ეკონომიკა კრიზისიდან გამოვიდეს“,- ნათქვამია „ანაკლიის განვითარების კორსორციუმის“ განცხადებაში.