“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი”: მზად ვართ, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტიციები და სამუშაოები გავაგრძელოთ

571

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი საარბიტრაჟო დავას დროებით წყვეტს და ხელისუფლებას შეთანხმებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეპიდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში, როდესაც საქართველოს მთელი მოსახლეობის ყურადღება ქვეყნის ეკონომიკის აღდგენისკენ არის მიპყრობილი, ეკონომიკის გაძლიერების ორი ძირითადი ფაქტორი იკვეთება. ეს არის უცხოური ინვესტიციები და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები.

“საქართველოს ეკონომიკის აღდგენის დასაწყებად ერთ-ერთი საუკეთესო მამოძრავებელი სტიმული ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტისა და მისი მიმდებარე სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებაა, რაც ათასობით სამუშაო ადგილისა და ახალი, ძლიერი, ინოვაციური ქალაქის განვითარების გაგრძელების გარანტი გახდება.

საბედნიეროდ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ აქამდე გაწეული ინვესტიციები და ჩატარებული სამუშაოები აძლევს მას იმის საშუალებას, რომ სახელმწიფოსთვის ყველაზე ეფექტური პარტნიორი გახდეს, ანაკლიაში სამუშაოები სასწრაფოდ განახლდეს, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ქვეყნის ეკონომიკა კრიზისიდან გამოვიდეს.

პროექტი ამჟამად შეჩერებულია და მხარეთა შორის უთანხმოება არსებობს, თუმცა კონსორციუმმა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესის დაწყება გადადო. ამავდროულად, კონსორციუმმა გააჟღერა სურვილი, რომ თავიდან იქნას აცილებული საარბიტრაჟო წარმოება – რათა დავის პროცესმა კიდევ არ შეაყოვნოს ეს სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტი. ის მზად არის, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით მოიზიდოს დამატებითი ინვესტიციები და დაწყებული სამუშაოები გააგრძელოს.

ჯამურად 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის უკვე განხორციელებული და სამომავლო კერძო ინვესტიციებით, დამატებით სახელმწიფოს ინვესტიციით ანაკლიასთან დამაკავშირებელი ახალი გზისა და რკინიგზის პროექტში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და მისი მიმდებარე სპეციალური ეკონომიკური ზონა საქართველოს გადააქცევს რეგიონალური ეკონომიკის მიზიდულობის ცენტრად, განსაკუთრებით ახლა, როდესაც გლობალურად მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ახდენენ თავიანთი საწარმოო სიმძლავრეების ლოკაციების დივერსიფიცირებას და დაგეგმილია ჩინეთიდან მნიშვნელოვანი საწარმოო სიმძლავრეების გადატანა სხვა ქვეყნებში” , – ნათქვამია ინფორმაციაში.