საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო მსოფლიოში იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურისტულ სეზონს გახსნის და ქვეყანაში ტურისტების მიღებას შეძლებს. პრემიერ-მინისტრის თანახმად, პირველი ქვეყანა, რომელთანაც ქვეყანას უსაფრთხო მწვანე კორიდორი ექნება, არის ისრაელი:
„რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ მათ, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება. და გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, ისრაელის გარდა, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან, ავსტრიასთან:
“რა თქმა უნდა ჩვენს მეზობლებთანაც და ყველა ეს მიმართულება უახლოეს პერიოდში ლოგიკურ დასასრულამდე იქნება მიყვანილი, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, ამისთვის აუცილებელია დავიცვათ უსაფრთხოების ის წესები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ 14 მაისს მთავრობის სხდომის დაწყების წინ.
ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას, 7 მაისს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 15 ივნისიდან საქართველო ადგილობრივი ტურისტებისთვის, 1 ივლისიდან კი, უცხოელი ტურისტებისთვისაც გაიხსნება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 652 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.