ფოთის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა ფრაქციის თავმჯდომარე გადაირჩიეს

623

ფოთში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულ ფორმატში ჩატარდა. საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე ამის მიზეზად ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებს ასახელებს.

„დახურვის მიზეზი არის არსებული შეზღუდვები. საკრებულოს 25 წევრი ვართ, პლუს აუცილებელი ღონისძიების გასატარებლად აპარატის რამოდენიმე წევრი უნდა ესწრებოდეს და შესაბამისად, დარბაზის სივრცე არ გვაძლევს საშუალებას, დამატებით გარეშე პირები დაგვეშვა. საკრებულოს გვერდზე დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით განთავსედება სრული ინფორმაცია და ყველა შეძლებს გაეცნოს, ვისაც აინტერესებს. მთავარი საკითხი, რატომაც საჭირო გახდა რიგგარეშე სხდომის დანიშვნა, იყო ის, რომ მერს დღეს მივეცით უფლება, განახორციელოს 9 აპრილის #4-ში არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი და ამისთვის აუცილებელი ღონისძიებები გაატაროს, რადგან თვის ბოლოს ლტოლვილტა დანიის საბჭო, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად, ახალი სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობის დაწყებას გეგმავს, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება არსებულ სტანდარტებთან.

მოგეხსენებათ, რომ 2018 წელს მსგავსი პროექტი განხორციელდა დევნილთა დასახლებაში და ესეც ანალოგიური პროექტი იქნება. ლტოლვილთა დანიის საბჭო მთლიანად იღებს თავის თავზე შენობა-ნაგებობისა და მისი გარე პერიმეტრის მოწყობის საკითხს,“- განაცხადა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ.

ამასთან, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გადარჩევა მოხდა. ბექა ვაჭარაძის განცხადებით, ფრაქციის თავმჯდომარის გადარჩევის მიზეზი ბოლო თვეებში ხარვეზიანი მუშაობა გახდა.

„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის გადარჩევა ფრაქციის წევრების მიერ იქიდან გამომდინარე მოხდა, რომ ეს გუნდის შიგნით გადასაწყვეტია. ბოლო თვეების განმავლობაში, ფრაქციის მუშაობასთან დაკავშირებით,იყო რაღაც ხარვეზები და ჩვენ პროცესის გაჯანსაღების მიზნით, ფრაქციის წევრებმა საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ახალი თავმჯდომარე აგვერჩია,“- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ.