ოპოზიციის ერთობლივი განცხადება: პოლიტპატიმრების არგამოშვება ნიშნავს, ივანიშვილისგან შეთანხმების მთლიანად ჩაშლას

1106

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

როგორც მასში წერია, პოლიტპატიმრების არგამოშვება ნიშნავს შეთანხმების ჩაშლას, ამ პირობებში, ოპოზიციური ფრაქციები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, გააგრძელებენ საპარლამენტო ბოიკოტს.

განცხადებაში წერია, რომ პოლიტპატიმრების არგამოშვება ნიშნავს, ივანიშვილის მიერ ამ შეთანხმების მთლიანად ჩაშლას და ამ პირობებში ოპოზიციური ფრაქციები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, გააგრძელებენ საპარლამენტო ბოიკოტს.

“ივანიშვილის მიერ ამ შეთანხმების არშესრულების შემთხვევაში დაზიანდება საქართველო. იმ დროს, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეგობრებისგან ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროში დახმარების მიღება. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი იქნება ივანიშვილი. ამ პირობის დარღვევა მას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მარცხისგან ვერ იხსნის”, – წერია განცხადებაში.

ოპოზიცია ამბობს, რომ მათი ამოცანაა შეთანხმება შედგეს და ყველა ცვლილება საქართველოში, მხოლოდ მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში და მშვიდობიანად განხორციელდეს.

“საერთაშორისო მეგობრების დახმარებით მოხერხდა შეთანხმების მიღწევა, რაც გულისხმობდა საარჩევნო მოდელის კომპრომისულ ვარიანტსა (120/30) და გავრილოვის ღამის შემდეგ დაკავებული პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების გათავისუფლებას, ხოლო მიმდინარე საქმეების შეჩერებას. შეთანხმების ტექსტშივე მითითებული იყო კონკრეტული მექანიზმები, თუ რა გზებით იყო შესაძლებელი პოლიტპატიმრების საკითხზე შეთანხმების აღსრულება – კერძოდ, პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება, როგორსაც მხოლოდ შეწყალება წარმოადგენს”, – წერია განცხადებაში.

ოპოზიცია აქვე აღნიშნავს, რომ შეთანხმებას ხელი მხოლოდ პატრიოტთა ალიანსმა არ მოაწერა და მიზეზად საჯაროდ დააფიქსირა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმება – მათ შორის რურუას, ოქრუაშვილის და უგულავას საქმეები.

საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს შეთანხმება შედგა. ოპოზიცია და მმართველი გუნდი 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან ბარიერსა და ე.წ. ჩამკეტზე – უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40%-იან ბარიერზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

ოპოზიციის განცხადებით, შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზეც. 11 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ ოპოზიციასთან შეთანხმების შინაარსს.

თალაკვაძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” მოწოდებულია, 8 მარტის შეთანხმება შეასრულოს და თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ეს მხოლოდ “რადიკალური ოპოზიციის” პასუხისმგებლობა იქნება.

მისივე განცხადებთ, მიუხედავად იმისა, რომ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საკითხი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ოთხივე მოლაპარაკების დროს გაჟღერდა, ოთხივე შემთხვევაში მათ მიიღეს მკაფიო პასუხი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, რომ აღნიშნული პატიმრების გათავისუფლება ვერავითარი ფორმით ვერ გახდებოდა პოლიტიკური მოლაპარაკებისა და შეთანხმების საგანი.